„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, 2014 წლის 1 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის დათვალიერების საინფორმაციო ტურში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა RMG Metal Group საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კვლევას მოამზადებს. ორგანიზაციამ აღნიშნულთან დაკავშირებით, 2014 წლის 7 ოქტომბერს განაცხადა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, ყურადღებას დაუთმობს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლთან მიმართებით შემეგი სამართლებრივი საკითხების ანალიზსს: როგორ ხდება კულტურული, არქეოლოგიური ძეგლის სტატუსის მინიჭება, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით, რა კრიტერიუმები და სტანდარტებია საჭირო, რომ ძეგლმა ასეთი სტატუსი მიიღოს, რა ისტორია და სამართლებრივი მოქმედებები არსებობს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლთან დაკავშირებით, საბჭოთა პერიოდსა და დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომ პერიოდში, საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხთან დაკავშირებით, როგორია სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების ანალიზი, საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხთან დაკავშირებით, რას გულისხმობს სახელმწიფოს როლი და საინვესტიციო გარემო.
ორგანიზაციის პოზიციით, საზოგადოებაში კვლავ გრძელდება საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, თუმცა საკითხი სამართლებრივი კუთხით უნდა შეფასდეს. აუცილებელია, საზოგადოებამ ფართოდ გაეცნოს საკითხის სამართლებრივ მხარეს და დადგინდეს, რამდენად საფუძვლიანია ძეგლის შესაძლო დაზიანებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სამართლებრივი საკითხების კვლევის შედეგებს ნოემბრის თვეში გამოაქვეყნებს.