„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, „კვირას“ პრეს-კლუბში, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის მიწვევით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსების დაკავების საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეზე „გრიფით საიდუმლოს“ მოხსნის მიმართულებით მოქმედებები მისასალმებელია, ვინაიდან საქმის მეტი ღიაობა შესაძლებლობას გახდის პროცესის გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუცების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას. მისივე თქმით, მათ შორის „დელტაკომის“ საქმეს, ჯარისკაცების მოწამვლის ძიებას, „გრიფით საიდუმლო“ უნდა მოეხსნას, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე და არა სპეკულაციური.
არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, გაუგებარია, რატომ იცრუა კომპანია „სილქნეტმა“ თავის განცხადებაში, როდესაც აღინიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროში ტენდერი გამოცხადდა 2013 წლის აგვისტოში და დასრულდა 2013 წლის სექტემბერში, ხოლო არც ერთ სატენდერო დოკუმენტაციაზე, არ არსებობდა მინისტრის მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის ხელმოწერა. „სილქნეტის“ ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე აღნიშნულ თანამდებობაზე, 2013 წლის 23 ნოემბრიდან საქმიანობდა. როგორც ცნობილია, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ „სილქნეტის“ კომერციული დირექტორის, ბაჩო ჩინჩალაძის დედა, ქალბატონი თამარ ბატიაშვილი, მინისტრის მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის ოჯახის წევრი და ალალი ბიძაშვილია. ორგანიზაციამ კითხვა დასვა, ამ ნათესაურ კავშირებს, რაიმე სახით, შეეძლო თუ არა სატენდერო პირობებისა და ხელშეკრულების დადებაზე სუბიექტური გავლენა მოეხდინა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მთავარმა პროკურატურამ მინისტრის მოადგილე მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა, რადგანაც მიუთითა, რომ სატენდერო დოკუმენტაციაზე ხელმოწერა სწორედ მინისტრის მოადგილის მხრიდან იყო უზრუნველყოფილი.
არჩილ კაიკაციშვილი მინისტრის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის 2014 წლის 3 ნოემბრის დაკითხვის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დადასტურება სჭირდება, დაირღვა თუ არა მოწმის სახით დაკითხული მინისტრის მოადგილის საპროცესო უფლებები. ცნობისთვის: ალექსი ბატიაშვილის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა დაკითხვის პროცესში არსებობდა სასურველი ჩვენების მიღების მცდელობები, ხოლო მინისტრის მოადგილემ ხელი არ მოაწერა ჩვენების ოქმს.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, თითქოსდა გამოძიება უნდა დალოდებოდა მინისტრის საქართველოში დაბრუნებას და შემდეგ მოეხდინა უწყების თანამშრომლების დაკავება, სამართლებრივი გააზრებით, კანონის უზენაესობის პრინციპის უგულვებელყოფას ნიშნავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აღნიშნული შეფასებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთ შეხედულებას გამოემხაურა, რომლის მიხედვითაც, თეა წულუკიანმა განაცახდა, რომ „ყველა გამომძიებელს და პროკურორს უნდა ესმოდეს, როცა მინისტრი მივლინებაშია წასული, დაელოდოს მას, ვიდრე მის თანამშრომლებს დააკავებს. ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში დაირღვა ის დაუწერელი წესი, რასაც მინისტრის პატივისცემა ჰქვია“. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, დემოკრატი მინისტრის ასეთი განცხადებები, სხვა შესაძლო დანაშაულის ნიშნებთან დაკავშირებით, წამახალისებელია და სახელმწიფო ბრალმდებლის ინსტიტუტს საქმიანობას პოლიტიკური გარემოებების გათვალისწინებით მიუთითებს, რაც დაუშვებელია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს განმარტებებს, რამდენად არსებობს შერჩევითი პრინციპი, როდესაც ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი პირები მინისტრთან დაახლოებული პირები არიან, ხოლო დამოუკიდებელი მოთამაშეები, სახელმწიფო ტენდერების მიღმა რჩებიან. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ცნობილი შემთხვევა, რა დროსაც, თავდაცვის სამინისტროს არასაცხოვრებელი შენობების რეკონსტრუქციასა და კაპიტალური რემონტი განახორციელა შპს „არქიტექტურული ბიურომ“, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ ვალიშვილი, ირაკლი ალასანიასთან დაახლოებული პირია. აღნიშნულმა კომპანიამ, 2013 წელს, თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში გამარჯვებით, 29,800 ლარი მიიღო.