ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას მიმართავს, ქვეყანაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სტრატეგიის მომზადების ნაწილში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, პრიორიტეტული გახდეს ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფრების შექმნის საკითხი და ობიექტურად იქნეს განხილული ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მიმღებთა განცხადებები, რომელმაც, 2013-2014 წლებში, მაღალ სტატისტიკას მიაღწია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ, ანა კიკნაძის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, უნდა დაჩქარდეს ცვლილებების შეტანა, რომლითაც, სახელმწიფო, ოჯახური ძალადობის ფაქტების მიმართ, მკაცრ სისხლისამართლებრივ პოლიტიკას ეხება. დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 80-დან 150 საათამდე ვადით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი, ამ სანქციას ერთ წლამდე პატიმრობა დაემატება. მკაცრდება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახური ძალდობის ფაქტიც. ამ შემთხვევაში, პატიმრობის ვადა ერთიდან სამ წლამდე გაიზრდება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის 9 თვის მონაცემით, სასამართლომ 34 დამცავო ორდენი გასცა და 172 შემაკავებელი ორდენი დაამტკიცა, რაც წინა წლებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013-2014 წლების 6 თვის მონაცემით, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, 310 პირის მიმართ დაიწყო დევნა, აქედან 289 მამაკაცი და 21 ქალბატონია. დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ 468 პირს, რომელთაგან 372 ქალბატონი და 96 მამაკაცია. აღსანიშნავია, რომ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის 2010 წლის მონაცემით, საქართველოში, ყოველი მე-11 ქალბატონი, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ოჯახური ძალადობის მიმართ ბრძოლის პრაქტიკულ პრობლემას წარმოადგენს რეაგირების ნაკლები სურვილი. შესაძლებელია, კანონმდებლობის დონეზე არსებობდეს სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმი, თუმცა მისი პრაქტიკული გამოყენება ნაკლებად ხდებოდეს. ახალი რეგულაციების პროცესში, ოჯახური ძალადობის მიმართ, უნდა გაიზარდოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა იურიდიული ინტერესი, რათა ძალადობის ფორმისა თუ ხარისხის მიუხედავად, ყველა შემთხვევის მიმართ, არსებობდეს რეაგირების პრაქტიკული ნაბიჯი. თუკი პოლიცია ვერ დაიცავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლს, შესაძლებელია დანაშაული წახალისდეს, დაუსჯელობამ კი ოჯახური ძალადობა წაახალისოს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ უნდა მომზადდნენ ოჯახური ძალადობის მიმართ ახალი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის იმპლემენტაციისთვის.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმოგიდგენთ სტატისტიკას, ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით გატარებულ ღონისძიებათა რაოდენობის შესახებ:
პერიოდი |
დავის სახე |
შემოვიდა |
დაკმაყოფილდა |
2010 |
დამცავი ორდერის გამოცემა |
32 |
22 |
შემაკავებელი ორდერის დამტკიცება |
121 |
115 |
|
2011 |
დამცავი ორდერის გამოცემა |
37 |
31 |
შემაკავებელი ორდერის დამტკიცება |
128 |
124 |
|
2012 |
დამცავი ორდერის გამოცემა |
32 |
23 |
შემაკავებელი ორდერის დამტკიცება |
188 |
183 |
|
2013 |
დამცავი ორდერის გამოცემა |
22 |
19 |
შემაკავებელი ორდერის დამტკიცება |
112 |
110 |
|
2014 |
დამცავი ორდერის გამოცემა |
47 |
34 |
შემაკავებელი ორდერის დამტკიცება |
174 |
172 |
ცნობისთვის: შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემა ხდება ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებით. დამცავი ორდერს გამოსცემს სასამართლო, ხოლო შემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი, რომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს სასამართლოს.