ევროპარლამენტი უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტს ეხმაურება

12 ნოემბერი, 2014

ევროპარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის და რუსეთის სამმართველოს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორატი ფილიპე კამარისი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ 2014 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომელის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. წერილში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში, საკუთრების უფლების სადაო საკითხებთან დაკავშირებულ პროცესს და გამოხატულია ინტერესი, თუ როგორ უზრუნველყოფს სახელმწიფო როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით, ორგანიზაციის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წინადადებების გათვალისწინებას.

„გიკავშირდებით ევროპარლამენტის პრეზიდენტის სახელით და ვადასტურებთ, რომ მივიღეთ თქვენს მიერ გამოგზავნილი მასალა, რომელმაც ასევე მიიპყრო ევროპარლამენტის დელეგაციის, საქართველო-ევროკავშირის პარლამენტის თანამშრომლობის კომიტეტის ყურადღებაც, რომლის თავმჯდომარეც არის ბატონი საჯად კარიმი. როგორც მოგეხსენებათ, საკუთრებისა და მიწასთან დაკავშირებული უფლებები იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას „საქართველო - გარდამავალ პერიოდში“ საორიენტაციო მოხსენებაში, რომელიც გამოიცა ბატონი თომას ჰამარბერგის მიერ. ჩვენ გვქონდა პატივი, გასულ წლებში, ევროპარლამენტში შევხვედროდით და პირადი კომუნიკაცია გვქონოდა ბატონ ჰამერბერგთან. შესაბამისად, ჩვენთვის ცნობილია იმ უამრავი საჩივრების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოში უკანონოდ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ წარმოადგინეთ სპეციფიკური ქეისი, თომას ჰამარბერგის ანგარიშში არსებობს ზოგადი რეკომენდაცია, თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ასეთი კანონდარღვევის ფაქტს, „როდესაც რესტიტუცია (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა) შესაძლებელია, ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ.“ იმის მიუხედავად, რომ ანგარიშში მითითებულია, რომ მთლიანი კომპენსაციის მიღება რთულ საკითხად რჩება, მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მსგავსი შემთხვევების გამკლავებისა მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, უნდა შეიმუშაოს რეალური მექანიზმი და აგრეთვე, შესაძლებელია, საკითხთან დაკავშირებით, გადაიხედოს არსებული კანონმდებლობა. თქვენს საქმეში მოცემული სპეციფიკური შემთხვევის მიღმა, ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო ევროპარლამენტის დელეგაციის წევრებისთვის, საქართველო-ევროკავშირის პარლამენტის თანამშრომლობის კომიტეტისთვის, რომ თქვენი ორგანიზაციის მეშვეობით, მივიღოთ ინფორმაცია, თუ რა კონკრეტილი ნაბიჯები იქნა გადადგმული ზემოთქმული რეკომენდაციების შესრულებისთვის და როგორ აფასებს თქვენი ორგანიზაცია ამ პროცესს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, მოვახდინოთ ფოკუსირება კონკრეტულ საკითხზე ევროპარლამენტის წევრებთან მოლაპარაკებების დროს, რომლებიც ვალდებულნი არიან ჰყავდეთ წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებებით“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიმართ, 2014 წლის 10 ნოემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის სახელით გამოგზვანილ წერილში.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. საქმე ეხება შემთხვევას, რომლის ისტორიაც, ფართო საზოგადოების წინაშე, პირველად გახდა ცნობილი. კერძოდ, განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს. ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სარეკომენდაციო წინადადებებით, უკვე მიმართა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია უკვე გადაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს.



კომენტარები