ხელვაჩაურის სასამართლო ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის მიმართ, საქმის განხილვას იწყებს

17 ნოემბერი, 2014

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, საქართველოს პარლალენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის მიმართ, ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელის განხილვას იწყებს. სასამართლომ საქმე სამართალწამოებისთვის დასაშვებად სცნო და საქმეს მოსამართლე ამირან ძაბუნიძე განიხილავს.

,,ახლგაზრდა ადვოკატებსა“ და მურმან დუმბაძეს შორის სამართლებრივი დავა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მურმან დუმბაძემ ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მის მიმართ გაკეთებული სამართლებრივი შეფასების საპასუხოდ, აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუ დროს, განაცხადა, რომ ,, „ეს „ახალგაზრდა ადვოკატები“ არიან დაქირავებულები. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საქართველოს კონსტიტუცია, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის გამოხატვის თავისუფლება, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სიტყვის თავისუფლება და უფრო მეტი, წარმოდგენა არ აქვს, რა არის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობები. თუ ეს ხელისუფლება ასეთ დაქირავებულებს განცხადებებს გააკეთებინებს, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებაც გადაიქცევა იმ ხელისუფლებად, რომელიც ჩვენ გავუშვით“.

ორგანიზაციის შეფასებით, მურმან დუმბაძის აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელია, ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას წარმოადგენს და ადგილი აქვს საჯარო პირის მხრიდან ორგანიზაციის საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას. ორგანიზაცია მურმან დუმბაძისგან ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით გავრცელებული ცნობების უარყოფას. ცნობისთვის: ,,ახლგაზრდა ადვოკატებმა“ ვიცე-სპიკერს წერილობით მიმართა და საკუთარი განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვა, თუმცა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნული მიმართვა უპასუხოდ დატოვა. მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის სარჩელის შესახებ, მხოლოდ განაცხადა, რომ ,,მსგავს ორგანიზაციას არ იცნობს“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამართალწარმოების მიზანია, მსგავსი ტიპის საქმეებზე შეიქმნას სასამართლო პრაქტიკა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მესამე სექტორის მიმართ, გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას.

 



კომენტარები