პარლამენტმა მოსმენებთან დაკავშირებული კანონი სახელმწიფო ინტერესებს უნდა მიუსადაგოს

19 ნოემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება ფარულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოსმენებზე წვდომის მექანიზმებთან მიმართებით, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის წარდგენის ვადის ამოწურვის საკითხს და პარლამენტს მიმართავს, პრიორიტეტი მიენიჭოს იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, რომელიც ორივე ფუნდამენტურ ინტერესს დააკმაყოფილებს - დაიცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და ამავე დროს, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სახელმწიფო ინტერესები.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პარლამენტმა ე.წ. „მოსმენებთან დაკავშირებით“, შეჯერებული და საზოგადოებრივი კონსესუსის გამოხატველი კანონი უნდა მიიღოს. ორგანიზაციის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის დროს, აუცლებელეია, ობიექტურად შეფასდეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და არ იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ საზოგადოების წარმომადგენელთა ერთი ჯგუფის მოსაზრებების ლობირებას ეხება. შეუძლებელია, იგნორირების მიღმა დარჩეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემები და მიღებულ იქნეს მათი შესაძლებლობების შესუსტებისკენ რომელიმე გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, პარლამენტმა განმარტოს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისსტემის შემთხვევაში, სახელმწიფო დაკარგავს ერთი გასაღების ფლობის შესაძლებლობას ან ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა აღმოჩნდება კომპანიების მფლობელობაში, რომელთა წარმომადგენლებიც უცხო ქვეყნაა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური მონიტორინგის სამსახური, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს, გაცილებით საიმედოს გახდის. ასეთი მექანიზმი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა არსებობდეს, იქნება ეს ფარული მოსმენა-მიყურადებისას ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისტემის შემოღება თუ ე.წ. „ერთგასაღებიანი“ სისტემის მოდელი. ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისტემის ამოქმედების შემთვევაში, შესაძლებელია პარლამენტმა იმსჯელოს პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტის როლის გაზრდაზეც, რომელსაც ექნებოდა სრულფასოვანი მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. ამ ვითარებაში, ერთის მხრივ, დაცული იქნება ადამიანის უფლებები და თავისუფლება, მეორეს მხრივ კი გარანტირებული -სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაცია კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის პარლამენტის დაქვემდებარებაში გადასვლას სავალდებულოდ მიიჩნევს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხთან დაკავშირებით, სტატისტიკურ ინფორმაციასაც აქვეყნებს. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2013 წლიდან 2014 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნით, დარეგისტრირდა საქართველოს პროკურატურის 3224 შუამდგომლობა. აქედან სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა 2972 შუამდგომლობა, ხოლო პროკურატურის 252 შუამდგომლობას სასამართლოს მხრიდან ეთქვა უარი. შევნიშნავთ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების აღრიცხვიანობის ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლიდან დაიწყო, აღნიშნული გარემოება კი შესაძლებელია მიუთითებდეს იმ მდგომარეობაზე, რომ 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში, სასამართლოს მხრიდან სტატისტიკური მონაცემების შექმნას პრიორიტეტული მნიშვნელობა არ ჰქონია.

ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ფარული მოსმენების განხორციელებაზე სასამართლო ნებართვის სტატისტიკა მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლოდან. თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სტატისტიკური მონაცემი 2010 წლიდან გასცა. კერძოდ, სასამართლოს მხრიდან ფარული მოსმენების განხორციელებაზე ნებართვა გაცემულ იქნა:

  • 2010 წელს - 694 შუამდგომლობაზე;
  • 2011 წელს - 462 შუამდგომლობაზე;
  • 2012 წელს - 304 შუამდგომლობაზე;
  • 2013 წელს - 56 შუამდგომლობაზე;
  • 2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით - 50 შუამდგომლობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხი, კვლავ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს, რომელსაც მძიმე მემკვიდრეობა გააჩნია. სახელმწიფომ საჭიროა შექმნას სწორი მექანიზმი, რათა ყოველგვარი ეჭვი საზოგადოებაში, ფარულ მოსმენებთან მიმართებით, მინიმუმანდე შემცირდეს. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირადი ცხოვრების შელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვა, დაცული აღმოჩნდეს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები საკანონდებლო დონეზე.

 



კომენტარები