„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გახმაურებულ საქმეებზე მედიის კითხვებს უპასუხა

20 ნოემბერი, 2014

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, ,,კვირას“ პრესკლუბში, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის მიწვევით, ე.წ ,,კაბელების საქმის“ მასალების გასაჯაროებაზე, ,,ფარული მოსმენების“ კანონპროექტზე და თეთრაძის წამებასთან დაკავშირებით, ახლად გამოკვეთილ გარემოებებზე, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატები უნდა დათანხმდნენ პროკურატურის შემოთავაზებას, რომელიც მათთვის საქმის მასალების გასაცნობად ოთახების გამოყოფას გულისხმობს. იმისათვის, რომ დაკავებულების ადვოკატებმა სრულყოფილი წარმომადგენლობა გასწიონ სასამართლოზე, აუცილებელია ისინი იცნობდნენ საქმის მასალებს. ვინაიდან, საქმეს ,,გრიფით საიდუმლო“ ადევს, ადვოკატები უნდა დათანხმდნენ საქმის მასალების იმ ფორმით გაცნობას, რასაც პროკურატურა სთავაზობს, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, ურთიერთობები, საქმეზე ,,გრიფით საიდუმლოს“ მოხსნის მიმართულებით წასულიყო,  რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე და არა სპეკულაციური. 

რაც შეეხება ,,ფარული მოსმენების“ კანონპროექტის განხილვას, არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, პარლამენტმა ე.წ. „მოსმენებთან დაკავშირებით“, შეჯერებული და საზოგადოებრივი კონსესუსის გამოხატველი კანონი უნდა მიიღოს. მისი შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის დროს, აუცილებელია, ობიექტურად შეფასდეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და არ იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც მხოლოდ საზოგადოების წარმომადგენელთა ერთი ჯგუფის მოსაზრებების ლობირებას ეხება. შეუძლებელია, იგნორირების მიღმა დარჩეს საქართველოს უსაფრთხოების სისტემები და მიღებულ იქნეს მათი შესაძლებლობების შესუსტებისკენ რომელიმე გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, პარლამენტმა განმარტოს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ე.წ. „ორგასაღებიანი“ სისსტემის შემთხვევაში, სახელმწიფო დაკარგავს ერთი გასაღების ფლობის შესაძლებლობას ან ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა აღმოჩნდება კომპანიების მფლობელობაში, რომელთა წარმომადგენლებიც უცხო ქვეყნაა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს მიმართავს, პრიორიტეტი მიენიჭოს იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, რომელიც ორივე ფუნდამენტურ ინტერესს დააკმაყოფილებს – დაიცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს და, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სახელმწიფო ინტერესები.მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური მონიტორინგის სამსახური, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს გაცილებით საიმედოს გახდის.

არჩილ კაიკაციშვილი თეთრაძის საქმეზე, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ ,,კვირას“ მიერ გავრცელებულ ფარულ ვიდეო-ჩანაწერებსაც გამოეხმაურა. მისი განხცადებით, აუცილებელია პროკურატურა დაინტერესდეს გამოქვეყნებული მასალებით. პირველ რიგში, ვიდეო მასალას უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა და დადგინდეს მისი ავთენტურობა. ესპქრტიზის დადებითი პასუხის შემთხვევაში,  პროკურატურამ უნდა დააყენოს ყველა იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც რაიმე ბრალი მიუძღვის თეთრაძის წამებით მკვლელობის საქმეში.



კომენტარები