მილიონიანი საქმის სასამართლოში წარმომადგენლად, უპრეცედენტო კონკურსი სტუდენტებისთვის

21 ნოემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის უპრეცედენტო კონკურსს აცხადებს. „ვინ წარადგენს მილიონიან საქმეს სასამართლოში? რეალური საქმე რეალურ პროცესზე“ - ასე ჰქვია ინიციატივას, რომელშიც მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრანტ სტუდენტებს მიეცემათ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც ახალგაზრდული უფლებადაცვითი ორგანიზაცია, უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს, რათა მონაწილეობა მიიღონ პრეცედენტული დავის სასამართლოში წარმომადგენლად. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორია - მილიონიანი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა შევიდეს, თუმცა ორგანიზაცია დავის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, საქმეზე წარმომადგენელს, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან, ყველაზე კვალიფიციური სტრატეგიის მქონე იურისტების გუნდს შეარჩევს. ამით, ყველა ახალგაზრდა იურისტს, რომელის მიზანია მომავალი საქმიანობა საადვოკატო მოღვაწეობას დაუკავშიროს, ორგანიზაცია საუკეთესო პრაქტიკას სთავაზობს, რათა იმიტირებული პროცესის ნაცვლად, მონაწილეობა მიიღოს რეალური საქმის რეალურ პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მილიონიან საქმეში მხარეები საქართველოს მოქალაქეები არიან. ქეისი პრეცედენტულია, რადგანაც ადგილი აქვს მათი ისტორიის მრავალწახნაგოვან განვითარებას. საქმე, დაშტრიხული სახით, უკვე გამოქვეყნდა ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე, ხოლო ინიციატივაში მონაწილე რეგისტრირებულმა სამწევრიანმა გუნდმა, საქმესთან დაკავშირებით, ზუსტად უნდა განსაზღვროს სამართლებრივი სტრატეგია, თუ როგორ შეუძლია მოსარჩელეს კუთვნილი მილიონის მიღება, რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს დავის გადაწყვეტისთვის, რა თითოეული ქმედება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით და რა რისკები შეიძლება არსებობდეს აღნიშნულ დავაზე საქმისწარმოების პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შერჩეულ საუკეთესო გუნდის სპიკერებთან, გააფორმებს ხელშეკრულებას და საქმეზე წარმომადგენლობით მინდობილობას. უზრუნველყოფს დავასთან მიმართებით საინფორმაციო მხარდაჭერას. ამასთან, ორგანიზაცია საქმეში შერჩეულ, მოსარჩელის ინტერესების დამცველებს, კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. კერძოდ, რეალური საქმეზე რეალურ დამცველებს, დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არსებულ პერიოდს ჩაუთვლის ორგანიზაციაში სტაჟირების გავლის სამსახურეობრივ პერიოდად.

ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურში, უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის მსურველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გუნდი დაარეგისტრირონ 2014 წლის 21 ნოემბერი - 31 დეკემბრის შუალედში. კონკურსის შედეგად შერჩეულ გუნდს გადაეცემა საქმის ფაქტობრივი მასალა. ინიციატივასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე: www.barristers.ge



კომენტარები