ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ექს-პრეზიდნეტის მხრიდან მიღებული ცალკეული ბრძანებულებებისა და ნორმატიული აქტების გაქუმებისკენ მოუწოდებს, რომლიც ქონებაჩამორთმეულ საქმეებზე, რეალური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, დაბრკოლებებსა და სამართლებრივად გამოუვალ მდგომარეობას ქმნის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უნდა გამოთქვას პოლიტიკური ნება და ნაწილობრივ ბათილად სცნოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული 2007 წლის 6 ივნისის #285 განკარგულება. სწორედ აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, „ვარდების რევულიციის“ შემდეგ, აჭარის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის ჩამორთმეული საკუთრებები გადაეცათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი დღემდე სარფის საბაჟოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს.
ორგანიზაციის განცხადებით, საქმეზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004 წლის აგვისტოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ქონების ჯერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, შემდეგ კი ჩამორთმევა, იყო უსაფუძვლო და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებებით გამყარებული. როლანდ ბლადაძე, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისთვის სამართლებრივ დავას 2013 წლის 12 აპრილიდან განაგრძობს, რა დროსაც, აჭარის ა/რ პროკურატურამ მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, უდანაშაულოდ სცნო. როლანდ ბლადაძე იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გააუქმოს ექს-პრეზიდენტის 2007 წლის 6 ივნისის #285 განკარგულება ნაწილობრივ, რომელიც შესაძლებლობას მისცემს როლანდ ბლადაძეს წართმეული ქონების დაბრუნების სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებისათვის. ამჟამად, როლანდ ბლადაძის საქმეზე, საერთო სასამართლოები, გამამართლებელ დადგენილებას, მართალია, ახლადგამოვლენილ და ახლადაღმოჩენილ გარემოებად განიხილავს, თუმცა სამართალწარმოების გაგრძელების შემაფერხებელ გარემოებად გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადების საკითხზე მიუთითებს. მოცემულ შემთხვევაში, გამოსავალია პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის განკარგულება ნაწილობრივ ბათილად სცნო, რითაც დავა ადმინისტრაციული წესით გაგრძელდება.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პრეზიდენტს ქონებჩამორთმეულთა საქმეებზე სარეკომენდაციო წინადადებით, 2014 წლის ოქტომბერში მიმართა:
- პოლიტიკური შეფასება მისცემოდა 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში, მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ქმედებას ქონების დათმობასთან დაკავშირებით და უზრუნველყო შესაბამისი სამართლებრივი სივრცის გაჩენა, რომელიც მიმართული იქნებოდა საქმეებზე სამართლიანი გადაწყვეტილებებებისკენ, ყოფილი და მოქმედი კეთილსინდისიერი მესაკუთრეების უფლებებისა და ინტერესების დაცვისკენ;
- პრეზიდენტს სადაოდ მიჩნეულ ქონებებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, გამოეცხადებინა მორატორიუმი, რითაც უკანონოდ შეძენილი ქონების მფლობელთა მხრიდან შეჩერდებოდა მათი გასხვისების პროცესი;
- პრეზიდენტს პოლიტიკური შეფასება მიეცა წინამორბედის მიერ 2007 წლის 6 ივნისის მიღებულ #285 განკარგულებისთვის, რომლის მიხედვითაც, ძალაში შევიდა გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“ და აჭარის ყოფილი მთავრობის წევრებსა და აჭარის ყოფილ მეთაურთან დაახლოებულ პირებს ჩამოერთვათ საკუთრება.
ორგანიზაციის სარეკომენდაციო წინადადებებს, წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაციის მხრიდან, არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ხოლო საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან, კონკრეტული მოქმედებების განსახორციელებლად, ორგანიზაციამ პოლიტიკური და სამართლებრივი ნების გამომხატველი შეტყობინებები მიიღო. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია უკვე გადაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს. საკითხთან დაკავშირებით, დღემდე უპასუხოდ ტოვებს 12 საჯარო შეკითხვას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილიც.