ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სამართლებრივი სტატუსის შესახებ მომზადებული კვლევა და სარეკომენდაციო წინადადებები წარმოადგინა, რომელიც საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების შესწავლის შემდეგ მომზადდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა პასუხობს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის მიმართ საზოგადოებაში გაჩნდა და დისკუსია დღემდე მიმდინარეობს. კერძოდ, ორგანიზაციამ შეისწავლა გარემოებები, თუ:
- რა სამართლებრივი მოქმედებები განხორციელდა საყდრის-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან და შემდგომ მოხსნასთან მიმართებით;
- კანონმდებლობით, რა რეგულაცია მოქმედებს კულტურული, არქეოლოგიური ძეგლის სტატუსის მინიჭებასთან და მოხსნასთან დაკავშირებით;
- საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის პროცესში, რამდენად მოქმედებდა სახელმწიფო კომპეტენციის ფარგლებში;
- საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტთან დაკავშირებით, რა სამართლებრივ მტკიდებულებებს ეფუძნება საქართველოს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები;
- როგორ უნდა შეფასდეს საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხთან მიმართებით, სახელმწიფოს როლი, ინვესტორის უფლებები და საჯარო ინტერესი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და სასამართლოში მოდავე მხარეებს, საყდრის-ყაჩაღიანის ობიექტის პრობლემასთან მიმართებით, დაიწყოს გამოსავლის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა და ამ მიმართულებით მიღებულ იქნეს შემდეგი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები:
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თავად უზრუნველყოს 2013 წლის 5 ივლისის სადავო ბრძანების გაუქმება, როლის საფუძველზეც, საყდრის-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი მოეხსნა;
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განახორციელოს საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის სრულმასშტაბიანი შესწავლა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით;
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი, გადაწყვიტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
- საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის შემდგომი ბედი, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ, მას შემდეგ, რაც სამინისტროს მიერ გადაწყვეტილი იქნება ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი.
- საქართველოს მთავრობამ ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, მაგრამ მათი ზეგავლენისაგან თავისუფალ ვითარებაში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ობიექტური ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და სწორი სამართლებრივი ანალიზის პირობებში;
- ორგანიზაცია მოუწოდებს საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტთან დაკავშირებულ სასამართლოში მოდავე მხარეებს - საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კომპანია „RMG-Gold”-სა და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ - ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, მიიღონ გადაწყვეტილება სასამართლო დავის მორიგებით დასრულების შესახებ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება მხოლოდ 2006 წლიდან გვხდება. შესწავლამ ცხადყო, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არც ერთ (ძველ) სამართლებრივ აქტში არ გვხდება. სახელმწიფომ, 2006-2007 წლებში, საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტთან მიმართებით, სათანადო მოკვლევის გარეშე, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღევით მიიღო უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება. ამასთან, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნა, მინისტრს 2013 წლის კომისიის სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნაზე, არ უნდა მოეხდინა. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე. ორგანიზაცია საერთო სასამართლოების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზეც აღნიშნავს და მიუთითებს, რომ საკითხის შესწავლისკენ და შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების პოზიცია, სასამართლოების მხრიდან საკითხისადმი ობიექტური დამოკიდებულებაა. მასთან, სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა პირობა, რომლითაც საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტთან დაკავშირებით, არ დაირღვევა ინვესტორი კომპანიის სახელშეკრულებო უფლებები და არსებული ეკონომიკური ინტერესები.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა ორი თვის მანძილზე, ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის მონაწილეობით განხორციელდა. გაცნობილ იქნა მიღებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული წერილობითი კომუნიკაცია, ინვესტორი კომპანიის მიმართვები, სასამართლო გადაწყვეტილებები, კულტურული ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო გამოცდილება.