ევროსაბჭო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ 2014 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომელის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. როგორც ევროსაბჭოს რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორატის განყოფილების უფროსის, დირკ შუბელის 2014 წლის 28 ნოემბრის წერილშია ნათქვამი, ქონებაჩამორთმეულთა საქმეები საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის გამოწვევაა, რომელიც ეფექტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
„თქვენი კვლევა და სამართლებრივი ანალიზი, აჭარის რეგიონში უკანონოდ ქონებაჩამორთმეულების საქმეზე, ხელს უწყობს ქვეყანაში დამკვიდრებული ნების საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებისათვის ქონების გადაცემის პრაქტიკის შეცნობას, რომლის გამოც, მოქალაქეების მიერ გასაჩივრების რაოდენობა ასობით გაიზარდა 2012 წლის ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ. დაზარალებული მოქალაქეები მიუთითებდნენ თავიანთ საჩივრებში, რომ მათ ქონება იძულებისა და ზეწოლის გზით ჩამოართვეს. წარსულ უსამართლობაზე ადეკვატური პასუხის გაცემა და მისი მოგვარება არის ნამდვილად ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც ჭირდება ადეკვატური პასუხი,რეაგირება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ „სამართლიანობის აღდგენა“ და დაუსჯელობის სიდრომის წინააღმდეგ ბრძოლა, არის მისი პრიორიტეტული მიმართულება. ეს არ არის მარტივი ამოცანა და ისეთი პროფესიულ ორგანიზაციას, როგორსაც თქვენ წარმოადგენთ, შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით, დამოუკიდებელი სამართლებრივი ანალიზის წარმოდგენით“ - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ, დირკ შუბელის წერილში, რომელიც ასევე საუბრობს საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, თომას ჰამარბერგის დასკვნაზეც და მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ქონებაჩამორთმეულთა საქმეებზე ეფექტური გადაწყვეტილებებისთვის.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. საქმე ეხება შემთხვევას, რომლის ისტორიაც, ფართო საზოგადოების წინაშე, ორგანიზაციის კვლევის შედეგად, პირველად გახდა ცნობილი. განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს, ხოლო 2007 წელს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ჩამორთმეული ქონება სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გადასცა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სარეკომენდაციო წინადადებებით, უკვე მიმართა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია გაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს.
საქმეზე ევროპული ინსტიტუტებიდან პირველი გამოხმაურება ევროპარლამენტმა მოახდინა, რომელმაც 2014 წლის 10 ნოემბერს, ასევე ორგანიზაციის მიმართ გამოგზვანილ წერილში, მკაფიოდ აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძის საქმე სპეციფიკურია და ხელისუფლებამ შესაბამისი რეალური გადაწყვეტილებებისთვის უნდა იზრუნოს.