ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „2014 წლის ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის“ ნომინაციაში გაიმარჯვა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნული ჯილდო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წლის ღონისძიებაზე მიიღო. „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, სხვადასხვა ნომინაციებსა და წარმატებული პროექტების გამო, ასევე დაჯილდოვდა 15-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან, უკვე მეორე წელია თანამშრომლობს. ორგანიზაციამ 2014 წლის მაისი-სექტემბრის შუალედში, ფონდის დახმარებით, განახორციელა პროექტი: „ერთად ევროპული არჩევანისთვის“, რომელიც არაქართულენოვან რეგიონებში - მარნეულსა და ახალციხეში გაიმართა. პროექტის ფარგლებში მოხდა აქტიური კომუნიკაცია არაქართულენოვანი რეგიონის საგანამნათლებლო დაწესებულებებთან, გაიმართა საჯარო ლექცია საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე, გამოიცა საინფორმაციო გაზეთი საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ, რომელიც გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაში თავად პროექტის მონაწილეების მიერ. პროექტის საბოლოო ეტაპი კი იყო კონკურსი, რომლის მონაწილე ყველა ნაშრომი ერთ კრებულად გამოიცა. ფონდის მიერ ორგანიზაციისთვის გადაცემული ჯილდო მოიცავდა, როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტიურობების, ასევე ზოგადად, ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებას.
„ახალგაზრდა ადვოკატებს“ ჯილდო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ფონდის ხელმძღვანელებამ გადასცეს. როგორც დაჯილდოების ცერემონილაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, გამარჯვებული ნომინაცია მაღალი პასუხიმსგებლობისა. მისივე განცხადებით, ეს ჯილდო ეკუთვნის ორგანიზციის ყველა წევრს, პროექტში მონაწილე ბენეფიციარებსა და ინიციატივის ყველა მხარდამჭერს.