„ახალგაზრდა ადვოკატები“ გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საკითხზე, ჟურნალისტურ კორპუსს შეხვდა

11 დეკემბერი, 2014

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 2014 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევა: „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ“, წამყვანი ქართული ბეჭდვური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებს გააცნეს. შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციააციაში გაიმართა და გაზეთებისა და ახალი ამბების სააგენტოების 30-ზე მეტი სამართლის, პოლიტიკისა და საზოგადოების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრნენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ გამქოვეყნებული კვლევის შემდგომ, რომლის თანახმადაც, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტი, ჟურნალისტური კორპუსის მხრიდან კვლევის ავტორების მიმართ, სხვადასხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოების დამდგენი შეკითხვა გაჩნდა. შესაბამისად, ორგანიზაციამ საჭიროდ ჩათვალა წამყვანი მედია-საშუალებების წარმომადგენელებთან შეხვედრა და ღია დიალოგი საკითხთან დაკავშირებულ ყველა ასპექტზე. ამასთან, დიალოგის პროდუქტიულობიდან გამომდინარე, შეხვედრის დახურულ ფომატში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც საუბარი შეეხო სამართლებრივი დავის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიას.

ცნობისთვის: საქმე ეხება შემთხვევას, რომლის ისტორიაც, ფართო საზოგადოების წინაშე, ორგანიზაციის კვლევის შედეგად, პირველად გახდა ცნობილი. განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს, ხოლო 2007 წელს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ჩამორთმეული ქონება სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გადასცა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სარეკომენდაციო წინადადებებით, უკვე მიმართა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია გაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს.

საქმეზე ევროპული ინსტიტუტებიდან პირველი გამოხმაურება ევროპარლამენტმა მოახდინა, რომელმაც 2014 წლის 10 ნოემბერს, ასევე ორგანიზაციის მიმართ გამოგზვანილ წერილში, მკაფიოდ აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძის საქმე სპეციფიკურია და ხელისუფლებამ შესაბამისი რეალური გადაწყვეტილებებისთვის უნდა იზრუნოს. 2014 წლის 28 ნოემბერს, აღნიშნულ საქმეს გამოეხმაურა ევროსაბჭოც და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ქონებაჩამორთმეულის საქმეზე დაზარალებულის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოქვეყნებული კვლევის გაცნობის მიზნით, პროფესიულ წრეებში, დისკუსიას განაგრძობს. ჟურნალისტურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია შეხვედრები ევროსასამართლოს სპეციალისტებთან.

შეხვედრას უძღვებოდნენ: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელი ანა კიკნაძე, ამასთან, როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების წარმომადგენლები: ნანა წულაძე და არჩილ კაიკაციშვილი. 



კომენტარები