„ახალგაზრდა ადვოკატები“ მურმან დუმბაძის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ შესაგებელს ეხმაურება

14 დეკემბერი, 2014

 

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს, სასამართლო ეტაპზე იმ მტკიცებულებების წარმოდგენისკენ მოუწოდებს, რითაც ორგანიზაციის ცალკეული განცხადებები ხელისუფლებიდან მიღებული დავალების შესრულებად მიიჩნია. ორგანიზაცია გაკვირვებულია საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ სასამართლოსთვის გაგზვანილი შესაგებლით, რომელსაც არც ერთი მტკიცებულება არ ერთვის, მურმან დუმბაძე კი ორგანიზაციის მიმართ წარსულში გაკეთებულ განცხადებებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის უფლების გამოყენებით ხსნის.

,,ახლგაზრდა ადვოკატებსა“ და მურმან დუმბაძეს შორის სამართლებრივი დავა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის მიერ მის მიმართ გაკეთებული სამართლებრივი შეფასების საპასუხოდ, აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუ დროს, განაცხადა, რომ ,,„ეს „ახალგაზრდა ადვოკატები“ არიან დაქირავებულები. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საქართველოს კონსტიტუცია, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის გამოხატვის თავისუფლება, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სიტყვის თავისუფლება და უფრო მეტი, წარმოდგენა არ აქვს, რა არის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობები. თუ ეს ხელისუფლება ასეთ დაქირავებულებს განცხადებებს გააკეთებინებს, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებაც გადაიქცევა იმ ხელისუფლებად, რომელიც ჩვენ გავუშვით“. რაც შეეხება უკვე სასამართლოს მიმართ წარდგენილ პოზიციას, მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებები არ გაუკეთებია. „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ბევრი სამართლებრივი სიკეთის დაცვა და ინტელექტუალური პროდუქტის შექმნა შეუძლიათ, რომელიც განაპირობებს ავტორიტეტს და ორგანიზაციის მომავალს. მეც, როგორც რიგითი ქართველი, როგორც პოლიტიკოსი, ყოველ საღ აზრს და სიკეთეს დადებითად შევაფასებ. ჩემი ყოველი აზრი, მოსაზრება, კომენტარი არის შეფასებითი მსჯელობა, ვინაიდან ვარ დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე, ხალხის არჩეული დეპუტატი და ვალდებული ვარ გამოვხატო აზრი და შევაფასო ესა თუ ის მოვლენა“ - ნათქვამია მურმან დუმბაძის შესაგებელში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიესალმება საქართველოს პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის ობიექტურ დამოკიდებულებას ორგანიზაციის მიმართ და აღნიშნავს, რომ არსებული სასამართლო დავის მიუხედავად, დასაფასებელია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის სწორი აქცენტები საჯარო კრიტიკის მნიშვნელობის მიმართ. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დასაფასებელია ის გარემოებაც, რა დროსაც მურმან დუმბაძის სახით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, არასამთავრობო ორგანიზაციასთან დავაში, კანონიერი ინტერესებს ადვოკატის მომსახურების გარეშე იცავს. ორგანიზაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერის ასეთ ნაბიჯს ახალი დემოკრატიული პრინციპების ერთგულებად მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ მურმან დუმბაძე სასამართლო სხდომას ადვოკატის გარეშე დაესწრება, რითაც მართლმსაჯულების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას დაადასტურებს. მიუხედავად სასარჩელო მოთხოვნებისა, მხარეები დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ.

საქმეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო განხილავს. ორგანიზაცია მურმან დუმბაძისგან ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით გავრცელებული ცნობების უარყოფას. ცნობისთვის: ,,ახლგაზრდა ადვოკატებმა“ ვიცე-სპიკერს წერილობით მიმართა და საკუთარი განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვა, თუმცა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნული მიმართვა უპასუხოდ დატოვა. მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის სარჩელის შესახებ, მაშინ განაცხადა, რომ ,,მსგავს ორგანიზაციას არ იცნობს“.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამართალწარმოების მიზანია, მსგავსი ტიპის საქმეებზე შეიქმნას სასამართლო პრაქტიკა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მესამე სექტორის მიმართ, გრძნობდნენ მაღალ პასუხისმგებლობას.

სასამართლომ საქმე სამართალწამოებისთვის დასაშვებად სცნო და საქმეს სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე ამირან ძაბუნიძე განიხილავს.



კომენტარები