ვენეციის კომისია ქონებაჩამორთმეულის სახლში, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტს ეხმაურება

17 დეკემბერი, 2014

ვენეციის კომისია ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ 2014 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომელის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. როგორც ვენეციის კომისიის სამდივნოს დირექტორის, თომას მარკერტის 2014 წლის 9 დეკემბრის წერილშია ნათქვამი, ვენეციის კომისია სრულად გაეცნო წარმოდგენილ საქმეს და ორგანიზაციის მიმართ, კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს სახელით, უფლებამოსილია მადლობა გადაიხადოს წარმოდგენილი დოკუმენტისთვის. წერილის თანახმად, ვენეციის კომისია როლანდ ბლადაძის შემთხვევას ვერ განიხილავს არსებითად, ვინაიდან ფაქტი ეხება ინდივიდუალურ საქმეს, თუმცა ვენეციის კომისია უკვე გაეცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯოდმარესთან სადაოდ გამხდარი საკუთრების ფაქტს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უკანონოდ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. საქმე ეხება შემთხვევას, რომლის ისტორიაც, ფართო საზოგადოების წინაშე, ორგანიზაციის კვლევის შედეგად, პირველად გახდა ცნობილი. განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს, ხოლო 2007 წელს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ჩამორთმეული ქონება სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გადასცა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, სარეკომენდაციო წინადადებებით, უკვე მიმართა საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. კვლევის ინგლისურენოვანი ვერსია გაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს.

საქმეზე ევროპული ინსტიტუტებიდან პირველი გამოხმაურება ევროპარლამენტმა მოახდინა, რომელმაც 2014 წლის 10 ნოემბერს, ასევე ორგანიზაციის მიმართ გამოგზვანილ წერილში, მკაფიოდ აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძის საქმე სპეციფიკურია და ხელისუფლებამ შესაბამისი რეალური გადაწყვეტილებებისთვის უნდა იზრუნოს. საქმეზე გამოხმაურება მომზადდა ევროსაბჭოს რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დირექტორატის განყოფილების უფროსის, დირკ შუბელის 2014 წლის 28 ნოემბრის წერილითაც, სადაც აღინიშნა, რომ ქონებაჩამორთმეულთა საქმეები საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის გამოწვევაა, რომელიც ეფექტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.



კომენტარები