ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ადვოკატთა როლისა და პროფესიული გარანტიების შესახებ თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი სესიის განმავლობაში, მსჯელობა გაიმართება ადვოკატის როლის შესახებ მართლმსაჯულების პროცესში, ადვოკატის პროფესიის საპროცესო გარანტიებზე, ადვოკატის პროფესიის დაუფლებისათვის აუცილებელი სტაჟირების პერიოდსა და აუცილებელ სტანდარტებზე, დაცვის უფლების უზრუნველყოფის ცალკეულ გარანტიებზე სისხლის სამართლის პროცესში. კონფერენციაზე ქართველი ადვოკატები და მოწვეული სტუმრები გაეცნენ ქართველი და ევროპელი ექსპერტების მოსაზრებებს მართლმსაჯულების პროცესში ადვოკატის პროფესიის როლისა და ადვოკატის პროფესიის საპროცესო გარანტიების თაობაზე.
კონფერენციის დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების (CCBE) პრეზიდენტი მარია სლაზაკი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი. შეხვედრა გახსნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა. კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.