ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საკითხზე: „ბიზნესი და ადამიანის უფლებები საქართველოში - ამჟამინდელი სიტუაცია, საერთაშორისო სამართლებრივი სტრუქტურა და როგორ შეიძლება სიტუაციის გაუმჯობესება“ მომზადებული კვლევის სარეკომენდაციო პაკეტის იმპლემენტაციის ადვოკატირებას განახორციელებს. ამის შესახებ კვლევის პრეზენტაციაზე ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
სამართლის სპეციალისტის, მარიამ ასანიშვილის ავტორობით, განხორციელებულმა მონიტორინგმა, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოების“ ბუდაპეშტის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, 2014 წლის მარტი-სექტემბრის შუალედში ჩატარდა და ფართო საზოგადოების წინაშე, 2014 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა, ქართულ სინამდვილეში, პირველად განიხილა საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის საკითხი. კვლევამ სრულად წარმოაჩინა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები და სტანდარტები, რომელებსაც სხვადასხვა კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების ნაწილში, სახელმძღვანელო ადგილი უჭირავს. მეორე მხრივ, შეფასებები მომზადდა საქართველოში ბიზნესის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით და ყურადღება დაეთმო იმ პრობლემურ მხარეებს, რომელიც საკითხზე მუშაობის პროცესში წარმოჩნდა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოქვეყნებული კვლევის პროცესში ავტორს არაერთი პრაქტიკული რჩევა მიაწოდა, რომელიც ბიზნეს-კომპანიების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და სასამართლო პრაქტიკას შეეხებოდა. როგორც პრეზენტაციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, საქართველოში ყველაზე ხშირად, მომხმარებლის უფლებებს საბანკო, სადაზღვევო და საკომუნიკაციო კომპანიები არღვევენ. არჩილ კაიკაციშვილმა არსებულ ვითარებას უპასუხისმგებლო გარემო უწოდა და ამ მიმართულებით, სამოქალაქო ჯგუფებს ვითარების გამოსწორებისთვის, მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა.
წარმოდგენილმა კვლევამ საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ურთიერთობა, კრიტიკულად შეაფასა. მონიტორინგმა ცხადყო შემდეგი გამოწვევები და პრობლემები:
- ქართული კომპანიების უმეტესობისათვის კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა და ბიზნესის ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები, სინონიმური ცნებებია;
- ბევრი ქართული კომპანია სოციალურ პასუხისმგებლობას მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობასთანაც კი აიგივებს;
- დიდი ქართული კომპანიები ცდილობენ, ჰქონდეთ გარკვეული პოლიტიკა ბიზნესის და ადამიანის უფლებების კუთხით, თუმცა მათი უმრავლესობა არ არის თანმიმდევრული და არ გააჩნია ნათლად განსაზღვრული პრიორიტეტები;
- ქართული კომპანიებს ნაწილი კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას აღიქვამს, როგორც მარკეტინგის და/ან პიარ-კამპანიის ნაწილს და არა როგორც ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ბიზნესის კეთების მიდგომას;
- ქართული კომპანიების უმრავლესობა, როგორც წესი, არ ამზადებს ანგარიშებს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ;
- ქართული კომპანიები უფრო მეტად არიან გათვითცნობიერებულნი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში, ვიდრე ბიზნესსა და ადამიანის უფლებებში;
- ქართულ კომპანიებს სჯერათ, რომ ბიზნესი და ადამიანის უფლებები მხოლოდ დიდი კომპანიების საქმეა, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა (რომელიც, ძირითადად, მოიცავს საქველმოქმედო და ფილანტროპულ საქმიანობას) კი ასევე შეიძლება განხორციელდეს პატარა და საშუალო ზომის კომპანიების მიერაც;
- ქართული კომპანიების დიდ უმრავლესობასთან იმეილ-კორესპონდენციის მეშვეობით კომუნიკაცია სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს, რაც დაინტერესებულ პირს უზღუდავს შესაძლებობას, გაეცნოს მათ შიდა წესებს და პოლიტიკას. კვლევის ფარგლებში ბიზნესსა და ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ დაკონტაქტების მცდელობას მხოლოდ რესპონდენტთა 5 %-ზე ნაკლები გამოეხმაურა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოქვეყნებული კვლევის სარეკომენდაციო წინადადებების ლობირებას ხელისუფლებასთან ინსტიტუციური დიალოგის ფარგლებში უზრუნველყოფენ. ამასთან, მის ავტორს მარიამ ასანიშვილს გააჩნია გამოცდილება როგორც კერძო სამართალში, ასევე ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე კვლევა ადამიანის უფლებებზე ინგლისურ ენაზე. მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი დიდ ბრიტანეთში და პრაქტიკული გამოცდილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. მუშაობდა იურისტ-მკვლევარად მონტენეგროში.
ცნობისთვის: მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა ქართულ და ინგლისურ ენაზე. ტირაჟის ნაწილი უსასყიდლოდ მიეწოდათ ეროვნული უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებსა და საქმიანი სფეროს წარმომადგენლებს. ავტორს კვლევის მომზადების პროცესში, დახმარება გაუწიეს: იურიდიულმა ფირმამ „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური,“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა“ და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“.