საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი არჩიეს. არჩილ კაიკაციშვილმა იმედა დვალიძე შეცვალა, რომელიც კომიტეტთან არსებულ საბჭოს, 2014 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. საბჭოს დებულების თანახმად, თავმჯდომარეს საბჭოს წევრთაგან ექვსთვიანი როტაციის წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საბჭო აერთიანებს შესაბამისი სფეროს, როგორც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების სტრუქტურაში მომუშავე, ისე დამოუკიდებელ და სპეციალისტებსა და ექსპერტებს. მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეკომენდაციების, წინადადებებისა და პროგრამების შემუშავებაში. ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის ეფექტიან განხორციელებას.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ახალი თავმჯდომარის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2015 წლისთვის, საბჭოს ეფექტიანობისთვის, კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდება. პრორიტეტული გახდება საბჭოს თემატური ქვეჯგუფების კვლევითი საქმიანობის უზრუნველყოფა. მომზადდება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების და მდგომარეობის ანალიზი, რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება პარლამენტისთვის. საბჭო ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას. გაიზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხი და გაფართოვდება თანამშრომლობის არეალი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წარმოდგენილ სპეციალისტებთან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, ბავშვთა უფლებების დაცვა, დევნილთა უფლებების დაცვა, უმცირესობათა უფლებების დაცვა, პატიმრობაში მყოფ პირთა უფლებების დაცვა, სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალზიაცია, რეგიონალური სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებების დაცვა, შრომითი უფლებების დაცვა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვა, ემიგრანტთა უფლებების დაცვა, საკუთრების უფლების დაცვა. საბჭო საქმიანობს 2014 წლის 6 თებერვლიდან. ამჟამად, საბჭო აერთიანებს 40-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას და ექსპერტთა ჯგუფს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეობასთან ერთად, არჩილ კაიკაციშვილი „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელობასაც გააგრძელებს.