ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებსა“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოში ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებას, ადვოკატთა უფლებების დაცვას, ახალგაზრდა ადვოკატთა ინსტიტუციურ განვითარებასა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებას, ქვეყანაში საადვოკატო საქმიანობის პირობების გაუმჯობესებას და ადვოკატის პროფესიის პოპულარიზაციას, ადვოკატთა ინსტიტუციური გარანტიების დანერგვა/განვითარებას, ადვოკატთა პროფესიონალიზმისა და მოტივაციის ამაღლებას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ერთობლივი ძალისხმევით, განახორციელებს პროგრამებს, ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რათა საზოგადოებაში ადვოკატის როლის გაზრდა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, იყოს გაცილებით ძლიერი და სარგებლობდეს საზოგადოებრივი ნდობით. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, თანამშრომლობის პერიოდში, ერთობლივი განცხადებები გააკეთონ/გაავრცელონ, ასევე ერთობლივი დასკვნები გამოაქვეყნონ საერთო ინტერესის საკითხებზე.
როგორც მემორანდუმის პრეზენტაციაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, ადვოკატთა კორპუსის გაძლიერება ამ პროფესიაში მყოფი ყველა ადამიანის ვალდებულებაა. საქართველოს ადცოკატთა ასოციაცია დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი და პრინციპული ადამიანი მოვიდეს ამ პროფესიაში, რომელიც რეალურად შექმნის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის საფუძვლებს და უზრუნველყოფს მხარეთა რეალურ შეჯიბრითობას. ზაზა ხატიაშვილმა ასეთ სამაგალითო ორგანიზაციად „ახალგაზრდა ადვოკატები“ დაასახელა.