„ახალგაზრდა ადვოკატები“ - რესპოდენტთა 67% სახელმწიფო რეფორმების დაჩქარებას მოითხოვს

27 დეკემბერი, 2014

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საკითხზე: „ინსტიტუციათა ნდობის რეიტინგი საზოგადოებაში - 2014“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი სოციოლოგის, ნინო ღაჭავას განცხადებით, გამოკითხვაში, მოქალაქეებს უნდა დაესახელებინათ ინსტიტუცია, რომელთა მიმართაც არსებობდა ნდობა. კითხვა ეხებოდა, თუ რომელი ინსტიტუტის გაძლიერებას ისურვებდნენ მომავალში პრიორიტეტულად. კითხვა შეეხო 2014 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის ხარისხის შეფასებას. მოქალაქეებმა უპასუხეს შეკითხვას, მიმდინარე სახელმწიფო რეფორმების შეფასებაზეც. რესპოდენტებმა პასუხი გასცეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ დამოკიდებულებასაც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოქალაქეებმა დაასახელეს ინსტიტუცია, რომელის მიმართაც, 2014 წელს გამოიკვეთა ნდობის რეიტინგი:

  1. საქართველოს მთავრობა 54.6%
  2. საქართველოს პარლამენტი 22.4%
  3. სამოქალაქო სექტორი 8%
  4. საქართველოს პრეზიდენტი 4%
  5. მედია სექტორი 3.6%
  6. დიპლომატიური კორპუსი –3.4%
  7. სასამართლო ხელისუფლება–1.9%
  8. პოლიტიკური პარტიები–1.1%
  9. საბანკო სექტორი–0.6%
  10. არცერთი–0.4%

კითხვაზე: „რომელი ინსტიტუციის გაძლიერებაა პრიორიტეტული?“, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. სასამართლო ხელისუფლება–61%
  2. საქართველოს პარლამენტი–16.6%
  3. საქართველოს მთავრობა–6.4%
  4. საქართველოს პრეზიდენტი–5.3%
  5. მედია სექტორი–4.7%
  6. სამოქალაქო სექტორი–2.2%
  7. პოლიტიკური პარტიები–1.8%
  8. დიპლომატიური კორპუსი–1.1%
  9. საბანკო სექტორი–0.9%

მოქალაქეებმა შეაფასეს 2014 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია. გამოკითხულთა 41%-ის აზრით, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატია, ქვეყანაში „არ შეცვლილა“, 25%-ის აზრით, „გაძლიერდა“, 14%-ის მოსაზრებით „შესუსტდა“, ხოლო გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებთ, „არ იცის“.

სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილე რესპოდენტების 67%-ის აზრით, სახელმწიფო რეფორმები „საჭიროა დაჩქარდეს“, 18%-ის მიიჩნევს, რომ  მიმდინარე რეფორმები „შესაბამისობაშია მოსახლეობის ინტერესებთან“, 10% „მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმირებული არ არის“, ხოლო გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ მიმდინარე სახელმწიფო რეფორმები „მოსახლეობის ცხოვრების დონეზე არ აისახება“.

მოქალაქეების 65% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურს ევროატლანტიკურია, 17%- ნეიტრალურია, 14% - გაურკვეველია,  4% -  პრორუსულია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სოციოლოგიური გამოკითხვა თბილისის სამ ნაწილში - რუსთაველის გამზირზე, სააკაძის მოედანსა და აღმაშენებლის ქუჩაზე, 2014 წლის 10 დეკემბერს ჩატარდა. გამოკითხვა მიმდინარეობდა რესპოდენტთა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოკითხვაში, მონაწილოება მიიღო 700 მოქალაქემ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევა მომზადდა ორგანიზაციის დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში. ეს გახლდათ ორგანიზაციის მიერ 2014 წელს მომზადებული მეორე სოციოლოგიური კამპანიის შედეგები.



კომენტარები