,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის საქმიანობა შეაჯამეს და განხორციელებული აქტივობები, ბრიფინგები, პროექტები, კვლევები, შეხვედრები, კონფერენციები, გასვლითი ღონისძიებები, სარეკომენდაციო წინადადებები, საკანონმდებლო ინიციატივები, სამართალწარმოებაში ცნობილი საქმეები, წლის გამოცემები და კორესპონდენციის სტატისტიკა სპეციალური წლიური ანგარიშის სახით წარმოადგინეს.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2014 წელი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობაში, გამორჩეული, საეტაპო და ნაყოფიერი იყო.
- მომზადდა 77 პრესკონფერენცია, გაკეთდა 108 საჯარო განცხადება, გამოქვეყნდა 6 კვლევა, განხორციელდა 4 მონიტორინგი, ჩატარდა 2 სოციოლოგიური გამოკითხვა, 9 კონფერენცია/მრგვალი მაგიდა, განხორციელდა 3 პროექტი;
- საჯარო უწყებების მიმართ გაიგზვანა 353 კორესპონდენცია, უზრუნველყოფილ იქნა 140 უფასო კონსულტაცია, საჯარო უწყებებს გაეგზავნათ 20–ზე მეტი სარეკომენდაციო წინადადება;
- სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში მოგებით დასრულდა 22 საქმე, განხილვის პროცესშია 10–ზე მეტი საქმე. ორგანიზაციის შეფასებით;
- 2014 წელი გამორჩეული იყო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი სამოქალაქო კამპანიებით, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით.
- ორგანიზაცია ინიციატივა ,,ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასთან“ ფარგლებში შეხვდა სხვადასხვა საჯარო უწყებებს.
- გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და ახალ უმაღლეს სასწავლებელთან.
- ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს შესთავაზა საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებისა და დამატების შესახებ, რაც გულისხმობს კოდექსში სტაჟირების სამართლებრივი რეგულაციის შემოღებას.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის მანძილზე, წარმოადგინეს კვლევები შემდეგ საკითხებზე: „ხუდონჰესის“ პროექტის სამართლებრივი საკითხების ანალიზი. რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ პროექტის სამართლებრივ მხარეზე“; „ქართული რეიტინგული კომპანიები შრომის კოდექსის ახალ სტანდარტებთან იმპლემენტაციაში“; „კერძო სექტორში დასაქმებული დედების უფლებრივი მდგომარეობა. საკითხის ანალიზი და სარეკომენდაციო წინადადებები“; „უცნობი მილიონი ლარი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ თბილისში გამართული საქველმოქმედო ვახშმიდან შემოსული ფინანსური რესურსის გამჭვირვალობის საკითხის ანალიზი“; „სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს“; „საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სამართლებრივი ანალიზი“. ორგანიზაციამ წარმოდგენილ თემებზე მოამზადა სადისკუსიო შეხვედრები და კონფერენციები.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ 2014 წლის ბოლოს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით, დასახელდა „2014 წლის ყველაზე აქტიურ უფლებადაცვით ორგანიზაციად“. 2014 წლის დეკემბერში, ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ. არჩილ კაიკაციშვილი, გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ 2014 წლის გამოკითხვის თანახმად, დასახელდა წლის ახალგაზრდა უფლებადამცველადაც.
წლის ღონისძიებაზე ორგანიზაციამ დააჯილდოვა ის ადამიანები და კონკრეტული უწყებები, რომლებთანაც „ახალგაზრდა ადვოკატებს“ საქმიანი და პროდუქტიული მუშაობა აკავშირებდა.
ორგანიზაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ექსპერტები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეგობრები და პარტნიორები. ორგანიზაცია, 2015 წლიდან საქმიანობას, ახალი სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით გააგრძელებს.