2012 წლის ივლისში, როდესაც ჩემს უნივერსიტეტელ თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ დავაფუძნეთ, საზომად ავიღეთ იმ ღირებულებების ერთგულება, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას და მსახურებას ყველაზე კარგად წარმოაჩენს. ესაა ღირსება, თავისუფლება და თანასწორობა. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პიროვნების ღირსების პატივისცემიდან უნდა იწყებოდეს. მხოლოდ ღირსების განცდის მქონე საზოგადოებას შეუძლია დაამკვიდროს დემოკრატიული ურთიერთობები და შექმნას სამართლებრივი სახელმწიფო. ამიტომაც, პიროვნული ღირსებიდან თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების ცხოვრებაში გატარება, ჩვენთვის სულაც არ არის იდეალისტური მიდგომა. საზოგადოებას შეუძლია შეცვალოს სახელმწიფო, დრო, მიდგომები, ცხოვრება, თუკი თავისუფლების, თანასწორობის და ღირსების სამ უმნიშვნელოვანეს საფუძველს საზომად ავიღებთ აწმყოსთვის და მომავლისთვის.
ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, როდესაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ თითოეული თანამშრომელი, გრძნობს და ხედავს იმ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციას, რომელიც ორგანიზაციის სახელით მომზადებული თემების და საქმიანობის მიმართ არსებობს. ამიტომაც, რთულია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წევრობა, რადგანაც ჩვენი საქმიანობა საზოგადოებრივ სამსაჯვროზეა და ვგრძნობთ, პრინციპულობისა და ნდობის მნიშვნელობას. ვფქირობ, „ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს უკვე ბრენდია, რომელსაც ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უჭირავს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობას შორის. ასეთი შეფასებები ობიექტურად გამომდინარეობს 2012, 2013 და 2014 წლების საქმიანობის ფორმიდან. ჩვენი სტრატეგიული სამართალწარმოება და საქმისწარმოება, სამოქალაქო ჩართულობა, მონიტორინგები, კვლევები, პროექტები, სადამკვირვებლო მისია, სოციოლოგიური მიმართულება, კონფერენციები, მრგვალი მაგიდები და პრეზენტაციები მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემებზე, ინიციატივები, რეკომენდაციები და წინადადებები, საპარლამენტო ჩართულობა და ინსტიტუციური დიალოგი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან, თანამშრომლობის ფართო არეალი პროფესიულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა არაფერია, თუ არა ახალგაზრდული, ახალგაზრდა ბიოგრაფიის მქონე ორგანიზაციის წარმატების განმაპირობებელი შესაძლებლობები. ამასთან, სამართლიანად უნდა შევნიშნოთ - ორგანიზაციის ყველა საინტერესო ნაბიჯი დაკავშირებულია ყველა იმ ადამიანის სახელთან, რომელსაც სხვადასხვა პერიოდში, ორგანიზაციის სახელით, საკუთარი უფლებამოსილება შეუსრულებია. ჩვენ ერთად ვქმნით „ახალგაზრდა ადვოკატების“ ბიოგრაფიას და მისიას, რომლის შესრულებაც, ორგანიზაციის ყველა თაობის ამოცანა იქნება.
2014 წელი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოღვაწეობაში, გამორჩეული და ნაყოფიერი იყო. სასამართლო პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დაწყებული, არ ყოფილა არც ერთი მოვლენა და ფაქტი, რომლის მიმართაც, საკუთარი ხედვა არ წარმოგვედგინა. შესაძლებელია, ჩვენს საქმიანობაშიც იყო ხარვეზები, რადგანაც საქმის კეთებას ასეთი ხარვეზებიც ახლავს. ჩვენ გვსურს გავითვალისწინოთ ყველა რჩევა და შეხედულება, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობას, სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტად გახდის საინტერესოს. ორგანიზაცია 2014 წლის ბოლოს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით, დასახელდა „2014 წლის ყველაზე აქტიურ უფლებადაცვით ორგანიზაციად“, რაც წარმოადგენს სტიმულს და მოტივაციას „ახალგაზრდა ადვოკატების“ თითოეული წევრისთვის და კიდევ უფრო მეტი შედეგის სურვილს 2015 წლის განმავლობაში.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ორგანიზაციის თანამშრომლებს საქმისადმი იმ ერთგული შრომისთვის, რომელმაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმატებული 2014 წელი განაპირობა. ბუნებრივია, წლის ანგარიშში მხოლოდ მთავარი აქცენტებია და წარმოდგენილი დოკუმენტი, სრულად ვერ ასახავს ორგანიზაციის ყველა აქტიურობის, თუნდაც უმნიშვნელო გარემოებებსაც. როდესაც იურისტის, ადვოკატის, უფლებადამცველის სახელსა და როლს ვეხებით, ყოველთვის მახსენდება, სტუდენტობის დროს, საქართველოს პატრიაქრთან შეხვედრის სიტყვები. „რატომ აირჩიეთ ასეთი მძიმე პროფესია? - ალბათ, ქვეყნის გამოსწორების სურვლით“ - გვითხრა პატრიარქმა, ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს. ალბათ, ამიტომაც შეიქმნა „ახალგაზრდა ადვოკატებიც“. ამიტომაც ვართ დღეს ამ პროფესიაში. ამიტომაც ვშრომობთ და გვიხდება ადამიანების გვერდში დგომა, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი პროფესია, ჩვენი დახმარება, ჩვენი იმედი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გისურვებთ წარმატებულ და საინტერესო 2015 წელს.
არჩილ კაიკაციშვილი
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სადამფუძნებლო საბჭოს სახელით
29 დეკემბერი, 2014,
თბილისი