ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, საკითხზე: „მოქალაქეები მთავრობის საჯარო პოლიტიკის პროცესში 2014 წელს", მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობის საჯაროობის შემოწმება, მოქალაქეების მიერ საჯარო უწყებებისადმი მიმართვიანობის მაჩენებლის დადგენა, სამინისტროების გამოხმაურების საკითხის ანალიზი და არსებული ადმინისტრაციული საჩივრების სტატისტიკა და გადაწყვეტის მაჩვენებელი. ორგანიზაციამ საკითხზე ინფორმაციის მიღებისთვის მთავრობის 19 სამინისტროს მიმართა. მონიტორინგის შედეგები ეხება პერიოდს 2014 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრის მდგომარეობით.
ორგანიზაციასთან წარმოდგენილი მონიტორინგის ფარგლებში, მთავრობის 18 სამინისტრომ ითანამშრომლა. აქედან მხოლოდ 11 სამინისტრომ უზრუნველყო მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდება, ხოლო 7 სამინისტროს გამოხმაურება ეხებოდა მხოლოდ მოქალაქეების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ მაჩვენებელს და არა სამინისტროებში ზოგადი მიმართვიანობის სტატისტიკის მოწოდებას. მოქალაქეთა მიმართვიანობის მონაცემების გაცემა არ უზრუნველყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, რომელსაც მონიტორინგში მონაწილეობის თაობაზე, ორგანიზაციამ, 2015 წლის 6 იანვარსაც მიმართა. შესაბამისად, ორგანიზაცია საზოგადოებას წარუდგენს მთავრობის 18 სამინისტროს შედეგებს.
მონიტორინგის მიხედვით, მთავრობის 11 სამინისტროსთვის მოქალაქეების წერილით, განცხადებით თუ საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, 70 422 მოქალაქემ მიმართა. მიმართვიანობის თანმიმდევრობა შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 20613, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 19495, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 15096, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - 9461, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო - 2055, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 1501, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო - 1171, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო -728, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - 235, ევროიტეგრაციის სამინისტრო - 45, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 22.
მონიტორინგის მიხედვით, მთავრობის მხოლოდ 7 სამინისტრომ წარმოადგინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკა, რაც შეადგენს, საერთო მოცულობით, 4371 მიამრთვას. ამ მიმართულებით არსებობს შემდეგი შედეგი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 2862, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 857, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო - 201, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 194, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 143, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 110, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 4. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნული სამინისტროების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება სრულყოფილ ინფორმაციად, თუმცა სამინისტროების აქტუალობის გარკვეულ ტენდენცებს ქმნის.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობის 18 სამინისტრომ უზრუნველყო ადმინისტრაციული საჩივრების სტატისტიკის მოწოდება. ადმინისტრაციული საჩივრით მიმართვიანობის საერთო რაოდენობამ 18 სამინისტროს მაგალითზე შეადგინა 236. მონიტორინგმა ყურადღება მიაქცია გარემოებებს, რომლის თანახმადაც, გამოხმაურებები მოქალაქეების მიმართ, ძირითადად, ხდებოდა ინფორმაციის მიღებისთვის ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, რაც მიუთითებს, რომ საჯარო უწყებები გამართულად მუშაობენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ყველა სამინისტრო უზრუნველყოფს ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების პროცესს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოქალაქეების მიმართვიანობის მდგომარეობით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართაც დაინტერესდნენ. ასევე, ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურიდანაც. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა 76971 მოქალაქემ. საქართველოს პარლამენტმაც წარმოადგინა მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკა, რაც შეადგენს, საერთო მოცულობით, 299-ს. რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2015 წლის 12 იანვრის მდგომარეობით, ორგანიზაციასთან მოთხოვნილ მონაცემებზე, გამოხმაურება არ მომზადებულა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოქალაქეების მიერ მთავრობის სამინისტროების მიმართ მიმართვიანობა, შემცირებულია. თუკი 2011-2012 წლებში არსებობდა 71082 მიმართვა, 2012-2013 წლებში - 197800, 2014 წელს მთავრობის სამინისტროებს, 74,793 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. შემცირებულია მოქალაქეთა ადმინისტრაციული საჩივრების სტატისტიკაც. 2011-2012 წლებში არსებობდა 402, 2012-2013 წლებში - 894, ხოლო 2014 წელს 236.
წარმოდგენილი დოკუმენტი „ახალგაზრდა ადვოკატების“ უკვე მეორე მონიტორინგია, რითაც საჯარო უწყებებთან მოქალაქეების კომუნიკაციის ხარისხი დადგინდა. პირველი მონიტორინგი 2013 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა და მოიცვა ხელისუფლებაში ყოფილი და დღესაც მოქმედი მთავრობის სამინისტროების საქმიანობის შედარება.