„ახალგაზრდა ადვოკატები“ პრეზიდენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე, არ დაუშვეს

15 იანვარი, 2015

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პრეზიდენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე არ დაუშვეს. ჩვენთვის აღნიშნული გარემოება არ იქნებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტი,  თუ არ შევნიშნავდით საქართველოს პრეზიდენტის მეტად საყურადღებო დაშვებებს, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო ორგანიზაციებთან დამოკიდებულების საკითხს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯგუფი, რომელიც პრეზიდნეტის სახელით, სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის პოლიტიკას განსაზღვრავს, სერიოზულ შეცდომებს უშვებენ. ჩვენი ორგანიზაციისთვის პირდაპირობა და პრინციპულობა განსაკუთრებული ღირებულებებია. ამიტომაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ არ მოვერიდებით იმ ტენდენციის კრიტიკულ შეფასებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, სამწუხაროდ, გაჩნდა და ჩამოყალიბდა.

2013 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებსა და სამართლის სფეროში არსებული პრობლემების მიმართ, ფავოროტების დასახელების პრინციპით მიმდინარეობს (სამწუხაროდ, ტენდენციები გრძელდება მთავრობის ცალკეულ სამინისტროებთანაც). პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წინამორბედ მიხეილ სააკაშვილის ქცევის სტილსს იმეორებს, როდესაც სამოქალაქო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, სამოქალაქო ჯგუფების გამოცდილება, პრაქტიკული ხედვა და მყარი, თუნდაც განსხვავებული შეხედულებები, მოსმენისა და რეაგირების გარეშე რჩებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური ცვლილებების მონაპოვრის - საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - შევინარჩუნოთ. საქართველოს საზოგადოებამ გიორგი მარგველაშვილი სწორედ თანასწორუფლებიანი გარემოს და სამოქალაქო სექტორის აზრის ლობირებისთვის ავირჩიეთ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის დროს, ინარჩუნებს ხელისუფალისთვის დამახასიათებელ მახინჯ მიდგომებს, როცა დაყოფა ხდება „ჩემიანებად“ და „სხვისიანებად“.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ასეთი ქცევა სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყანაში რეალური დემოკრატიის არსებობას. პრეზიდენტს შეუძლია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, დისკუსია გამართოს სამოქალაქო ორგანიზაციების ერთ ჯგუფთან, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასეთ შეხვედრას უწოდოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეჯერებული აზრი, ეს არასწორია.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენეტს აღნიშნულ საკითხზე დიალოგისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სათანადო, პლურალისტური და თანასწორუფლებიანი გარემო უნდა შეეთავაზებინა. პრეზიდენტისთვის სასურველი უნდა გამხდარიყო შეხვედრაზე იმ ორგანიზაციების მიწვევა, რომელსაც სასამართლო სისტემაში საქმიანობის და მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობის გამოციდლება გააჩნია. სააშკარაოზე გამოაქვთ სასამართლოს პრობლემები. ამიტომაც, „პრეზიდენტის კარზე“, ორგანიზაციების შერჩევა დაუშვებელია მხოლოდ იმის მიხედვით, თუ ვინ არის ასეთი ცალკეული ორგანიზაციების დონორები, პარტნიორები და ხელმძღვანელები. ჩვენ ასეთი მიდგომები გვაშორებს თავისუფალ აზროვნებასთან და გვაახლოვებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილთან. პრეზიდენტი ცდება, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვის პროცესში, ქვეყანაში ახალგაზრდა სამართლის სპეციალისტებს ისტიტუციური დიალოგის მიღმა ტოვებს. პრეზიდენტი საუბრობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, მაგრამ საზოგადოებას არ მოუსმენია კონკრეტული ხედვა, თუ რას გვთავაზობს პრეზიდენტი ინსტიტუციათა დამოუკიდებლობისთვის. პრეზიდენტი არ საუბრობს ახალგაზრდული უფლებადაცვითი სფეროს პრობლემებსა და მნიშვნელობაზე. პრეზიდენტი არ საუბრობს ახალგაზრდული პოლიტიკის საზომზე და არ გვთავაზობს, თუნდაც უნგრეთის გამოცდილებაზე დაფუძნებულ, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის მოდელს. პრეზიდენტი საუბრობს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში 2014 წლის ყველაზე აქტიური ახალგაზრდული ორგანიზაცია არსებობს, ასეთი აქტიურობების და სამოქალაქო ჩართულობა, წინამორბედის მსგავსად, მხოლოდ გაზეთში ამოკითხული სტრიქონია. (ვიმედოვნებთ, რომ მოქმედი პრეზიდენტი წინამორბედისგან განსხვავებით, ქართულ გაზეთებს კითხულობს).

ამიტომაც, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ 15 იანვრის შეხვედრაზე თანამონაწილეობისთვის უარი კიდევ, უფრო გაუგებარია, თუკი შევნიშნავთ, რომ ორგანიზაცია 2014 წლიდან წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი - საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც საქართველოში, 40-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე კოალიცია: „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას. ჩვენს ორგანიზაციას, ერთხელ უკვე ჰქონდა მცდელობა, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრი გამხდარიყო, რადგანაც მიგვაჩნია, რომ შესაბამისი პრინციპები და საქმის კეთების უნარი გაგვაჩნია. ორგანიზაციის 2013 წლის 12 ნოემბრის ოფიციალური წერილობითი მიმართვა, 2015 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, ასევე გამოხმაურების მიღმა აღმოჩნდა. მიგვაჩნია, რომ ვიდრე ქეყანაში არ დასრულდება მონოპოლიზირებული ურთიერთბები, ვერც პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება იქნება ხელშესახები და ვერც სამოქალაქო სექტორის. 

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ფავორიტების მეშვეობით საზოგადოების ხელმძღვანელობა დასრულდეს. ჩვენ გვინდა, რომ პრეზიდნეტი ან მისი სახელით მოქმედი ადმინისტრაცია, პროფესიონალებს ხედავდნენ და  არა ცალკეულ სახელ-გვარებს, სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდნენ და არ ქმნიდნენ უთანასწორო პირობებს. ჩვენ გვინდა, რომ მართალი ვიყოთ ჩვენსავე ორგანიზაციულ წარსულთან, საქმიანობასთან, სახელთან, ჩვენს მოქალაქეებთან, რომელთაც ვემსახურებით, როდესაც ვსაუბრობთ ქართული სასამართლოს სისტემის ნაკლოვანებებზე, დემოკრატიისა და უფლებების დაცვის წვლილზე და ამ პროცესში იმ როლზე, რომელიც 2003-2012 წლების მძიმე და სასტიკი მმართველობის პერიოდში, მოქმედ ცალკეულ სამოქალაქო ჯგუფების შეფასებას, ცალკეულ დროს, ცალკეული სტატუსით, ცალკეული ღერძით ახასიათებდა. ვფიქრობთ, მოკლე მეხსიერება არც პრეზიდნეტს აქვს და არც საზოგადოებას. საზოგადოების სახელით დაშვებულ შეცდომებზე, განსაკუთრებით საზოგადოებას.

ბატონო პრეზიდენტო! „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის 13 იანვარს ოფიციალური წერილით მოგმართეთ და დავასაბუთეთ, ჩვენი თანამონაწილეობის მნიშვნელობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თქვენს 15 იანვრის შეხვედრაზე. ორგანიზაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, 14 იანვრის დღის მანძილზე, არაერთი კომუნიკაციის შედეგად, მიიღო პასუხად, რომ თქვენს ახალ მრჩეველს ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების საკითხებში, ბატონ კახა კოჟორიძეს უკვე გააჩნდა სპეციალური სია, რომელშიც წარმოდგენა, შეუძლებელი იყო. ჩვენ კახა კოჟორიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია, რადგანაც ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ბატონ დავით პატარაიას, ოფიციალური წერილით მივმართეთ.

იმედს ვიქონიებთ, რომ თქვენი მრჩევლები გაცილებით ობიექტურები იქნებიან მომავალში, ვიდრე დღეს, რადგანაც თქვენ შეგიძლიათ მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ რომელიმე ორგანიზაცია, რომელიმე საჯარო პირი, რომელიმე აზრი, მაგრამ თქვენ, შესაბამისად თქვენი სახელით პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უფლება არ გაქვთ, გადაწყვეტილებები სუბიექტური გარემოებებით მიიღოთ. ამიტომაც, ვიმედოვნებთ, პრეზიდენტის შეცდომები გასწორდება.



კომენტარები