2014 წელს, საპროცესო გარიგებებიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილმა თანხამ 29,730,410,13 ლარი შეადგინა

17 იანვარი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო, სანქციების (ჯარიმები და საურავები), მათ შორის საპროცესო გარიგებებიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოქალაქეების მიერ გადახდილმა თანხებმა, 2014 წელს, 29,730,410,13 ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრის პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებების შემდგომ, 2010-2013 წლების მონაცემებთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმებით, დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, 2011-2013 წლებში, მაჩვენებელი საგრძნობლად არ შეცვლილა, თუმცა 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, საპროცესო გარიგებებიდან ბიუჯეტში შესული თანხის რაოდენობა 3-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მაჩვენებელთან მიმართებით.შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, სამართალდარღვევის გამო, სანქციების (ჯარიმები და საურავები), მათ შორის საპროცესო გარიგებებიდან ბიუჯეტში შესული თანხებია: 82,357,578,51 ლარი (2011 წ), 73,619,600.11 ლარი (2012 წ), 68,111,954.07 ლარი (2013 წ), ხოლო 2014 წელს, თანხის ოდენობა შეადგენდა 29,730,410.13 ლარს.

ორგანიზაციის შეფასებით, ასეთ ვითარებას შესაძლებელია რამდენიმე ახსნა მიეცეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო, სანქციების, მათ შორის საპროცესო გარიგებებიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შესრული თანხების შემცირების მიზეზი შესაძლებელია იყოს ფაქტი, როდესაც ნაკლებად ხდება ჯარიმის, როგორც სასჯელის სახის გამოყენება. ამასთან, ტენდენცია მიუთითებს, რომ სასამართლო გაცილებით თავისუფალია, სისხლის სამართლის საქმეები, ინდივიდუალური პრინციპის რეალური დაცვით განიხილოს. აღსანიშნავია, რომ არსებული ტენდენცია მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სახელმწიფოს თვითმიზანს აღარ წარმოადგენს, ბიუჯეტის შევსება იმ ბრალდებულთა ხარჯზე, რომელთანაც საპროცესო გარიგებების გაფორმება, წარსულში, პროკურატურის ძირითადი მიზანი იყო.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლეს ინფორმაცია საპროცესო შეთანხმებით დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგალითზე, 2014 წელს, სასამართლომ განიხილა ასეთი 3905 საქმე, რაც წინა წლებთან მიმართებით, ასევე მკვეთრად შემცირებულია. სასამართლომ საპროცესო შეთანხმებით 2013 წელს, დაასრულა 5677 საქმე, 2012 წელს - 3811 საქმე, ხოლო მაჩვენებელი 2011 წლისთვის, გახლდათ 5745 საქმე.

ორგანიზაციამ თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მიერ 2011-2014 წლებში განხილული საქმეების, მათ შორის მორიგებით დასრულებული დავების მონაცემიც შეისწავლა:

  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განხილული საქმეები: 2011 წელს – 2893 საქმე, 2012 წელს - 1963 საქმე, 2013 წელს - 1943 საქმე, 2014 წელს - 2359 საქმე.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ განხილული საქმეები: 2011 წელს -  4880, 2012 წელს - 5030, 2013 წელს - 6593, 2014 წელს- 6395.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მიერ განხილული საქმეები: 2011წელს - 1071 საქმე, 2012წელს - 1621 საქმე, 2013 წელს - 4704 საქმე, 2014 წელს - 981 საქმე.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მორიგებით დასრულებული საქმეები: 2011 წელს - 4 საქმე, 2012 წელს - 2 საქმე, 2013 წელს - 2 საქმე, 2014 წელს - 1 საქმე.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მორიგებით დასრულებული საქმეები: 2011 წელს - 176 საქმე, 2012 წელს - 140 საქმე, 2013 წელს - 120 საქმე, 2014 წელს - 112 საქმე.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის ანალიზი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მოამზადა.



კომენტარები