საზოგადოება იური ვაზაგაშვილის საქმეზე გამოძიების შედეგების მოლოდინშია

21 იანვარი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, იური ვაზაგაშვილის დაღუპვა სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებას და ქვეყნას გამოწვევების წინაშე ამყოფებს, ვინაიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სიცოცხლის უფლების დაცვისა და მართლწესრიგის საკითხების უზრუნველყოფა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სწრაფი ფორმით უნდა წარმართოს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, გამოძიების მიმდინარეობის ეტაპების თაობაზე. მნიშვნელოვანია, პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილ იქნეს მაღალი ხარისხის მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებისთვის, რადგანაც სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, შესაძლებელია უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელით დასრულდეს. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ საქმეზე ყველა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებას, გადამწყვეტი როლი აქვს შედეგისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სპეციალისტებს, ექსპერტებს, მოქალაქეებს, რათა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა შენარჩუნდეს იური ვაზაგაშვილის საქმის შეფასების დროს. 2015 წლის 20 იანვრის შემდგომ, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა და სისტემური დანაშაულების დადასტურება შეუქცევადი პროცესი უნდა გახდეს. მთავრობის ვალდებულებაა, გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას და მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა დააჩქაროს. ქვეყანაში მხოლოდ სწრაფი რეფორმების გატარებას შეუძლია, უზრუნველყოს სამოქალაქო თანხმობა, დემოკრატიის მდგრადობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები, ხარვეზები და სირთულეები სწორად უნდა შეფასდეს და დროის უმოკლეს ვადაში დაიძლიოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პატივს მიაგებს იური ვაზაგაშვილის ხსოვნას, რომლის სახელიც,  21-ე საუკუნის 10-იანი წლების საქართველოს საზოგადოების განვითარების ქრონოლოგიაში, ჭეშმარიტად დარჩება სამართლიანობისა და უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანის სიმბოლოდ.  



კომენტარები