ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტს, მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთი კანდიდატურის პარლამენტში წარდგენამდე, არსებული კანდიდატურების საზოგადოებისთვის შეთავაზებას და საჯარო დისკუსიას სთავაზობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანამდამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან წარდგენილი და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანდიდატურა, პოლიტიკურ მხარდაჭერასთან ერთად, მაღალი საზოგადოებრივი ნდობით უნდა სარგებლობდეს.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მისცეს უშუალო დემოკრატიის განხორციელების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, გულისხმობს მოქალაქეების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკუსიას და დებატებს წარმოდგენილ კანდიდატებს შორის. პრეზიდენტმა საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთი კანდიდატურის წარდგენამდე, მისთვის მისაღები რამდენიმე კანდიდატი უნდა შესთავაზოს, რათა საზოგადოება დარწმუნდეს პრეზიდენტის მხრიდან შერჩეული პიროვნებების გამოცდილებასა და პროფესიულ შესაძლებლობებში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის პარლამენტში წარდგენა ფორსირებულად არ უნდა მოხდეს. პრეზიდენტმა პარლამენტს, საზოგადოებრივი დისკუსიის დროს, გამოკვეთილი მაღალი ნდობისა და პროფესიული ღირსების მქონე კანდიდატურა უნდა წარუდგინოს.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დასახელებას სამოსამართლო საზოგადოებიდან ელოდება, რაც იქნება გამართლებული და მისაღები გადაწყვეტილება. ახალი თავმჯდომარეს აკისრია ვალდებულება, უზრუნველყოს სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობა და მართლმსაჯულების რეფორმა. პოლიტიკური სასამართლოდან სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესში, მთავარი არბიტრის როლის შესრულება. ახალი თავმჯდომარის პიროვნებამ უნდა განსაზღვროს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა. სხვა შემთხვევაში, სასამართლო სისტემა კიდევ 10 წლით ჩამორჩება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და ევროპულ გამოცდილებას.
არჩილ კაიკაციშვილი პრეზიდენტთან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის საკითხის გამო, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის წინადადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი საბჭო პრეზიდენტს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევისთვის მისაღებ კრიტერიუმებს შესთავაზებს, ასეთი საბჭოს შექმნის მიზანშეწონილობა არ არსებობს. ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან არსებული კონსულტაციები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხია, ხოლო კანდიდატის წარდგენამდე დარჩენილია ერთი თვე, პრეზიდენტმა მისთის მისაღები კანდიდატურები, ჯერ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს. მოისმინოს მათზე საზოგადოებრივი დისკუსია და ყველა მოქალაქეს გააჩნდეს სწორი მოლოდინები.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გამოკვეთილ კანდიდატებთან დაკავშირებით, თბილისში, თებერვლის პირველ ნახევარში, საზოგადოებრივ გამოკითხვას ჩაატარებს და ნდობის რეიტინგს დაადგენს.