„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს მიმართავს, მიწის გასხვისების სამართლებრივი მექანიზმი შეცვალოს

28 იანვარი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს და უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ, მიწის გასხვისების პროცედურებთან დაკავშირებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებას და გაცილებით მკაცრი რეგულაციების შემოღებას სთავაზობს.

ორგანიზაციის იურისტის, ლევან ბერაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, ყურადღება დაუთმოს მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით არსებულ საზოგადოების მაღალ ინტერესს და ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, უზრუნველყოს ქვეყნის სწორი აგრარული პოლიტიკის განსაზღვრა. ორგანიზაცია, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს და მოითხოვს, ინიცირებულ კანონპროექტში გაჩნდეს ახალი დებულებები, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების კრიტერიუმები მკაფიო და შინაარსობრივად გამოწვევებთან შესატყვისი იქნება:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებსაც გააჩნიათ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის ნებართვის მისაღებად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ საქართველოში;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმს და სურთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენა, უნდა გააჩნდეთ ვალდებულება, შესაბამის ორგანოში წარადგინონ მიწის განვითარების დასაბუთებული გეგმა;
  • უნდა გამკაცრდეს რეგულაცია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვალსთან დაკავშირებით, რადგან არსებული წესით, სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლა არასასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსად შეცვლა, გაცილებით მოსახერხებელი და გამარტივებულია. ამ გზას უფრო მეტად მიმართავენ უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებსაც სურთ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა.
  • სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაწესდეს არამხოლოდ მიზობრივი კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც გასხვისდება სასოფლოს სამეურნეო მიწის ნაკვეთი, არამედ უნდა გამკაცრდეს სტატუსის შეცვლის პირობები.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ გარკვეული კრიტერიუმების დაწესება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც საკუთრების გასხვისებას თავისუფალ საბაზრო პირობების მიხედვით, თავისუფალი ნების გარიგებად აცხადებს. მიგვაჩნია, რომ სუსტია კრიტიკოსთა არგუმენტაცია, რომლებიც მიუთითებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვისთვის კრიტერიუმების დაწესება, გარკვეულ დისკრიმინაციას წარმოადგენს. თუ გადავხედავთ ევროპის წამყვან ქვეყნების: გერმანიის, საფრანგეთის, დანიის, ავსტრიის, ჩეხეთის, ირლანდიის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნის გამოცდილებას, არსებობს საკმაოდ რთული მოთხოვნები და მკაცრი რეგულაცია უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველომ უნდა გაიზიაროს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილება, რომელიც ეროვნულ დონეზე, მიწის საკუთრების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო-სტრატეგიას ეხება. მივიჩნევთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის უნდა იყოს კონტორლირებადი მიწის გასხვისება, რადგან მიწა არის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფასეულობა. საქართველოს არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი რესურსი. იგი არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცვლელია. შესაბამისად, მიწის გასხვისების დროს, კომერციული ინტერესის ფარგლები, უნდა შემოწმდეს. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე კონტროლს უნდა აწარმოებდეს საქართველოს მთავრობა და არ შეიძლება მიწა გავუთანბროთ სხვა ქონებრივ სიკეთეებს.



კომენტარები