პარლამენტმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება მოისმინა

29 იანვარი, 2015

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება განიხილა, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსში სტაჟირების სამართლებრივი რეგულირების შემოტანას ითვალისწინებდა. საპარლამენტო კომიტეტს საკანონმდებლო წინადადება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა გააცნო, რომელმაც დეპუტატების შენიშვნები მოისმინა და კითხვებს უპასუხა. როგორც განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სტაჟირების სამართლებრივი საკითხების რეგულაცია საჭიროა, თუმცა „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ რეკომენდაციის მიხედვით, შრომის კანონმდებლობაში მცირემასშტაბიანი ცვლილებების შეტანა მიზანშეწონილი, მოცემულ ეტაპზე, არ არის და უმჯობესია, მსგავსი წინადადებები სოციალური პარტნიორების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით, სისტემური მიდგომით იქნეს განხილული. კომიტეტის წევრთა განცხადებითაც, მსგავსი ცვლილებების შრომითი ურთიერთობების სხვა საკითხებისგან დამოუკიდებლად განხილვა დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით ნაკლებად ეფექტური იქნება. სწორედ ამ მოსაზრებით, კენჭისყრის შედეგად, ~ კომიტეტის წევრებმა ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირეს, თუმცა აღინიშნა, რომ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შრომის კოდექსში პაკეტური ცვლილებებისთვის, ინიციატივა დაიხვეწება და გათვალისწინებული იქნება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების მიზანია, სტაჟირების დეფინიციისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. მოქმედი კანონმდებლობა სტაჟირების განმარტებას არ იძლევა, მაგრამ ითვლება, რომ ეს არის არაანაზღაურებადი სამუშაო სწავლის პროცესში, რომელიც გამოუცდელ კადრს პროფესიულ განვითარებას სთავაზობს. დამსაქმებელი, ხშირ შემთხვევაში, სტაჟირებას განასხვავებს ჩვეულებრივი სამუშაოსგან და არსებობს დისკრიმინაციული პრაქტიკა, როდესაც სტაჟიორი დგება ექსპლუატაციის წინაშე. ასეთ ვითარებაში, რთულია შრომითი უფლებების დაცვა, ვინაიდან კანონმდებლობაში არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტი. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების მიზანია, დაწესდეს კონკრეტული იმპერატიული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტაჟირების ხელშეკრულება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს საქართველოს შრომის კოდექსში 91 ახალი მუხლის გაჩენას, რომელიც სტაჟირების სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს. საკანონმდებლო წინადადება მოიცავს შემდეგი რეგულაციის ფორმას:

1.      სტაჟირება არის განსაკუთრებული შრომითი ურთიერთობა, რომლის დროსაც შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის ხდება სამუშაოს შესრულება ანაზღაურების გარეშე.

2.      სტაჟიორთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ, წერილობითი ფორმით, დაიდოს სტაჟირების ხელშეკრულება არა უმეტეს 6 თვის ვადით. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება.

3.      მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია დადგინდეს სტაჟირების ანაზღაურება, რომლის ოდენობა და გადახდის წესი, განისაზღვრება ასევე მხარეთა შეთანხმებით.

4.      დამსაქმებელს უფლება აქვს, სტაჟირების განმავლობაში, ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება.

5.      სტაჟირების ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6.      სტაჟირების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე, არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ სტაჟირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.      სტაჟირება ითვლება შრომით შტაჟში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სტაჟირების სამართლებრივი რეგულაცია ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი სტუდენტების დასაქმების მიმართულებით, შრომითი უფლებების დაცვის წინგადადგმულ საფუძვლებს ქმნის. საკანონმდებლო წინადადება პასუხობს ქვეყნის მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების საკითხსაც. წინადადების მომზადების პროცესში, გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილებაც, მათ შორის აშშ-ის, გერმანიის, ალბანეთის, დანიისა და სხვა ქვეყნების საკანონმდებლო რეგულაციის ფორმებიც.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხზე მუშაობა 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2013-2014 წლებში, ორგანიზაციამ სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართა საქართველოს მთავრობას, რათა შრომის კოდექსში, მორიგი ცვლილებების დროს, გათვალისწინებულ ყოფილიყო სტუდენტების შრომითი უფლებები. ამასთან, ქვეყანაში თვითმმართველი ერთეულების გაზრდილი უფლებამოსილებების პარალელურად, დაწყებულიყო მუშაობა რეგიონში მცხოვრები წარჩინებული ახალგაზრდების სწავლის დაფინანსებისა და შემდგომი დასაქმების ახლებური რეგულაციების დანერგვისათვის. ორგანიზაციამ 2014 წლის ივლისში შექმნა საკანონმდებლო წინადადებაზე სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა სპეცილისტებით კერძო თუ საჯარო სექტორიდან. კონსულტაციების შედეგად, ორგანიზაციამ საკანონმდებლო ცვლილებისთვის არჩევანი სწორედ სტაჟირების სამართლებრივი რეგულაციის შექმნაზე შეაჩერა.

 



კომენტარები