„ნარჩენების მართვის კოდექსში“ არსებული ჯარიმების მიზანშეწონილობის საკითხი გადასახედია

30 იანვარი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეხმაურება2014 წლის 26 დეკემბერს მიღებული საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ ამოქმედების - 2015 წლის 15 იანვრის შემდგომ მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციას და გამოთქმულ შენიშვნებს, რომელიც კანონის დარღევის შემდგომ არსებული ჯარიმების ოდენობის მიზანშეწონილობის საკითხს ეხება და სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, მკაფიო იყოს პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით მიდგომები და გამოხმაურება.

ორგანიზაციის იურისტის, ჯაბა სირაბიძის განცხადებით, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება გარემოს დაცვის თავალსაზრისით, წინ გადადგმული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არეგულირებს ატმოსფეროში აიროვან გაფრქვევებს და გარემოს სხვა მნიშვნელოვან დაბინძურებებს, რაც დედაქალაქისა და ინდუსტრიული ქალაქებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ამ მიმართულებთ სახელმწიფოს ჯერ კიდევ ბევრი სამუშო აქვს ჩასატარებელი, თუმცა, ვიდრე სხვა რეგულაციების შემოღება მოხდება, მნიშვნელოვანია, გაისნას დისკუსია და წარიმართოს მსჯელობა უკვე მიღებული რეგულაციების გამოყენების თაობაზე. კერძოდ,რამდენად გამართლებულია კანონით დადგენილი ე.წ. „ჯარიმების პოლიტიკა“, რომელიც იმდენად მაღალია, რომ ხშირ შემთხვევაში, პენსიებსა და საარსებო მინიმუმს უთანაბრდება.

ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია გადაიხედოს გარემოს მუნიციპალური ნარჩენებით დაბინძურებისათვის ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ჯარიმები და მოხდეს მათი შემცირება საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შესაბამისად. საკამათოა, რამდენად  მისაღებია, როდესაც ფიზიკური პირისთვის დაწესებული ჯარიმები სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ საარსებო მინიმუმს უთანაბრდება. ჩვენი აზრით, უნდა მოხდეს ჯარიმების რაციონალური შემცირება, ისე რომ გათვალისწინებული იყოს, როგორც საჯარო ინტერესი, ისე პირთა საარსებო მინიმუმი. დაწესებული ჯარმა, პროპორციულად უნდა შეეფარდებოდეს საქართველოს მოქალაქის საარსებო მინიმუმს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით,  „ნარჩენების მართვის კოდექსით“ მოწესრიგებული ისეთი საკითხებისთვის, როგორიც არის 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობა, რომელიც 80, 100, 120 და 150 ლარს შეადგენს, მოქალაქეთა სოციალურ ვითარებასთან შეუსაბამოდ მაღალია. ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ან საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისთვის  დაწესებული ჯარიმა შეადგენს 120 ლარს, რაც, ასევე,მოქალაქეთა გარკვეული სოციალური მდგომარეობისთვის, საკმაოდ მაღალ თანხას შეადგენს.

ცნობისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცზე  2014 წელს საარსებო მინიმუმმა საშუალოდ 154.5 ლარი შეადგინა, სახელმწიფო პენსია კი მხოლოდ 150 ლარს შეადგენს, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, საქსტატისმონაცემითვე, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 9.7 პროცენტს შეადგენს.



კომენტარები