სასამართლო „კრისტალბეთში“ მოგებულ 35 680.59 ლარის საქმეზე, გათავისუფლებულ თანამშრომელს დაკითხავს

7 თებერვალი, 2015

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტოტალიზატორ „კრისტალბეთში“ მოგებული 35 680. 59 ლარის საქმეზე, სამართალწარმოება განახლდა. დავა ეხება საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე, თურქეთის მოქალაქის ალიჯან თაიფუნის შემთხვევას. ალიჯან თაიფუნმა, 2014 წლის 27 მაისს, შპს "ოვერტაიმის“ კუთვნილ ტოტალიზატორ „კრისტალბეთში", გათამაშების შედეგად, მოიგო 45 680.59 ათასი ლარი. კომპანიამ მოგებული ბილეთის სრულ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და მხოლოდ მოგებული თანხის ნაწილი – 10.000 ლარი გასცა, ხოლო დარჩენილ 35 680. 59 ათასი ლარის ანაზღაურებაზე, სხვადასხვა მიზეზით, უარი განაცხადა.

ორგანიზაციის შეფასებით, რომ კომპანიის მოქმედება დაუსაბუთებელი და არამართლზომიერია. ადგილი აქვს ვალდებულების შეუსრულებლობას და უსაფუძვლო გამდიდრების მცდელობას, ხოლო ალიჯან თაიფუნს მოგებული თანხის ნაწილიც – 35 680. 59 ლარის ოდენობით, კანონიერად ეკუთვნის. კომპანია აღნიშნავს, რომ ბილეთის მეორე მხარეს არსებობდა ჩანაწერი: „ფსონები, რომლებზეც სავარაუდო მოგება აღემატება 10.000 ლარს, უნდა შეთანხმდეს ადმინისტრაციასთან გათამაშების წესების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა გაიცემა 10.000 ლარის ოდენობით“, მაგრამ კომპანიამ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ ალიჯან თაიფუნი, სწორედ აღნიშნული ჩანაწერის გამო ესაუბრა კომპანიის ადმინისტრატორს, შეათანხმა პირობები და თამაშის დაწყება არ მომხდარა ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე, ადმინისტრაციამ ბეჭდით დაადასტურა ბილეთის გათამაშება და ვალდებულებაც, მოგების შემთხვევაში მომხდარიყო თანხის გაცემა, ამავე დროს ალიჯან თაიფუნს განუმარტეს, რომ სხვა ბეჭედის დარტყმა, ასევე სხვა რაიმე დამატებითი ხელმოწერა აღარ იყო საჭირო და ეს დარტყმული ბეჭედი სრულად იყო საკმარისი.

სასამართლომ დააკმაყოფილა ალიჯან თაიფუნის შუამდგომლობა და მოწმის სახით დაიკითხება კომპანიის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მოსარჩელის მიმართ ბილეთის გაცემა და განმარტებები უზრუნველყო. კომპანია 2015 წლის 23 იანვრის სასამართლო სხდომამდე, აღნიშნული პიროვნების ვინაობის დადასტურებას არ ახდენდა. სასამართლო სხდომაზევე გახდა ცნობილი, რომ კომპანიას აღნიშნულ პიროვნებასთან შრომითი ურთიერთობა უკვე დასრულებული ჰქონდა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის კიდევ ერთი შუამდგლომლობაც განიხილა, რათა კომპანიას აუდიო-მასალა წარმოედგინა, რომელიც ბილეთის გათამაშებამდე, განმარტებების მიღების პროცესში, ალიჯან თაიფუნისა და ადმინისტრატორის დიალოგს დაადასტურებდა, თუმცა კომპანიამ სასამართლოს აცნობა, რომ ასეთი ფირის შენახვის ვადა მხოლოდ 1 თვე გააჩნდათ. შესაბამისად, დოკუმენტური მასალა, საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, უკვე განადგურებული იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმის განხილვა, 2015 წლის 9 თებერვალს, 17:00 საათზე დაიწყება. საქმეს მოსამართლე გიორგი სულაკაძე განიხილავს. ალიჯან თაიფუნის ინტერესებს არჩილ კაიკაციშვილი იცავს.



კომენტარები