„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ვასახელებთ ნინო გვენეტაძეს, რომელსაც სასამართლო სისტემა ენდობა

9 თებერვალი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სამართლის აღიარებული სპეციალისტი, პროფესორი ნინო გვენეტაძის კანდიდატურა შესთავაზა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ნინო გვენეტაძეს ქართული მართლმსჯაულების ისტორიაში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგანაც 2005 წლის ნოემბერში, ჯერ კიდევ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის რანგში, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკური ხელისუფლება იწყებდა მოსამართლეებზე ზეწოლას და მართლმსაჯულების სრულად დაქვემდებარებას. ნინო გვენეტაძე პირველი იყო, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ყოველთვის, როდესაც საკასაციო სასამართლო იწყებდა საქმის განხილვას და ასეთი საქმეები წარმოადგენდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ინტერესს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე, პროკურატურის მითითებით, საქმის განმხილველ მოსამართლეებს კონკრეტულ მითითებას აძლევდა, თუ რა შედეგით უნდა დასრულებულიყო ასეთი საქმეები. მაშინდელ დროში, ნინო გვენეტაძის ნაბიჯი, მხოლოდ პრინციპულობის, პროფესიული ერთგულებისა და საზოგადოებრივი ინტერესების მაღალ გამოვლინებად უნდა შეფასდეს. მედიამ სამართლიანად შეაფასა, მათ შორის ნინო გვენეტაძის პოზიცია, ვინაიდან სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ გამოწვევებს და ხელისუფლების მხილებას, ჯერ კიდევ მაშინდელი მოქმედი მოსამართლეების მეშვეობით, ობიექტურად ეწოდა „მეამბოხე მოსამართლეების“ საქმე.

ორგანიზაციის განცხადებით, ნინო გვენეტაძე სამართლიანობისა და პროფესიული ღირსებისთვის მებრძოლი ადამიანია. მას გააჩნია მენეჯერული თვისებები და მაღალი პროფესიონალიზმი. 2005-2015 წლების მანძილზე, აქტიურ მონაწილოებას იღებდა და დღემდე აგრძელებს აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. არის მაღალი რანგის სამართლის სპეციალისტი და არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. მიგვაჩნია, რომ მისი სახელი, გამოცდილება, შეუვალობა და ხედვა იმსახურებს საზოგადოებრივ ნდობას და უპირველეს ყოვლისა, ნდობას სამოსამართლო საზოგადოებაში. მიგვაჩნია, რომ ნინო გვენეტაძეს შეუძლია, პოლიტიკური სასამართლოდან სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესში, მთავარი არბიტრის როლის შესრულება, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმა. სხვა შემთხვევაში, სასამართლო სისტემა კვლავ 10 წლით ჩამორჩება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და ევროპულ გამოცდილებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ნდობას იმსახურებს ნინო გვენეტაძის სასამართლოს სისტემის განვითარებისთვის საჯაროდ გამოთქმული ხედვაც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში უნდა შეიქმნას სპეციალიზებული პალატა და მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის მიმართვამდე, გადაწყვეტილებები ეროვნულ დონეზე გადასინჯონ. მიგვაჩნია, რომ „პატარა სტრასბურგის“ მოდელი მთლიანად პასუხობს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მექანიზმს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ნინო გვენეტაძის სახით, საქართველოს სამოსამართლო კორპუსს, ღირსეული ხელმძღვანელი და მნიშვნელოვანი რეფორმატორი ეყოლება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პრეზიდენტს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა, ოფიციალური წესით, უკვე წარუდგინეს. ორგანიზაციამ წარდგენამდე თანხმობა თავად ნინო გვენეტაძესთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.



კომენტარები