ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში“ განხორციელებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომელიც მთავრობის სამინისტროების მხრიდან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობის, შესრულებისა და დოკუმენტის ფარგლებში, მოსალოდნელი ღონისძიებების შესწავლას დაეთმო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ნინო ისაკაძის განცხადებით, მიუხედავად 2014 წელს განვითარებული რადიკალური პოლიტიკური ცვლილებებისა, რაც გამოიხატა მინისტრთა კაბინეტის მნიშვნელოვანი ნაწილის ცვლილებაში, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის შედეგად, აშკარაა, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია წარმატებით დაიწყო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაცია, ეფექტურად განახორციელეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ენერგეტიკის სამინისტრომ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის სამინისტრომ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში, მიღებული არასრული ინფორმაციის გამო, იმპლემენტაციის ეფექტურობის ხარისხის დადგენა გართულდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მაგალითზე. კვლევის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაცია არ უზრუნველყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ. მიუხედავად ამისა, შესწავლილმა მასალამ ცხადყო, რომ მთავრობის პოლიტიკური ნება ცალსახაა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია განხორციელების პროცესშია.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობა მუშაობს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ქართულ-ევროპული სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ფორმირებაზე. ამასთან, მთავრობა ყოველწლიურად შეიმუშავებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმას. საქართველოს შესაბამისი უწყების მიერ მუშავდა 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმაც, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის კომპონენტს (DCFTA). კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ ცვლილებას არ განიცდის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსიც.
წინამდებარე მონიტორინგის მიზანია ერთის მხრივ ხელისუფლებაზე დაკისრებული ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების შესრულების ხარისხის შეფასება, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებისათვის აღნიშნული ინფორმაციის ობიექტურად მიწოდება. ვინაიდან, მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოება ფლობდეს სრულფასოვან ინფორმაციას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, კვლევის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 19 სამინისტროს შემდგი ინფორმაციის მოწოდების მიზნით მიმართა:
- რა სტრატეგია გააჩნია თქვენს უწყებას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად. გთხოვთ მოგვაწოდოთ სტრატეგიის დოკუმენტი.
- რა რეფორმებია დაგეგმილი თქვენ სამინისტროს მიკუთვნებულ თანამშრომლობის საკითხთა იმპლემეტაციისათვის, რაც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული?
- ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად დაგეგმილი რეფორმებიდან დაწყებულია თუ არა რომელიმე მათგანის განხორციელება და რა ეტაპზეა მიმდინარე პროცესი?
ორგანიზაციის კვლევა 2014 წლის 13 ოქტომბრიდან დაიწყო და შესწავლისთვის, თავიდანვე მხოლოდ ხუთი სამინისტრო შეირჩა, თუმცა თუმცა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ნოემბერში, განხორციელდა სამტავრობო ცვლილება, თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ უნდა მომხდარიყო დისკუსია, თუ როგორ მიმდინარეობდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოს-თან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესი, ორგანიზაციამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობის შეფასების ინტერესი გააფართოვა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, საქართველოს მთავრობის სხვა სამინისტროებსაც მიმართა. კვლევა გადაეგზავნებათ საერთაშორისო ორგანიზცაიებს და დიპლომატიურ კორპუსს. კვლევა ყველა მოქალაქისთვის ხელმისწავდომია ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობითაც.