მოქალაქეთა ინტერესებს ახალი იურიდიული ბრენდი: „კაიკაციშვილი და ადვოკატები“ დაიცავს

14 თებერვალი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მონაწილეობით, ადვოკატის პროფესიის ახალი სტანდარტებისა და განვითარების მიზნით, ახალი იურიდიული ბრენდი: „კაიკაციშვილი და ადვოკატები“ დაფუძნდა. ახალი იურიდიული კომპანიის მიზანია იურიდიული მომსახურების სფერო, საზოგადოებრივი სტატუსის მქონე ყველა მოქალქისთვის, გახადოს ხელმისაწვდომი და საზოგადოებას შესთავაზოს საადვოკატო საქმიანობის ახალი სტანდარტები, რომელიც წარმომადგენლობით ურთიერთობაში, მხარეთა შორის არსებულ პრაქტიკულ მიდგომებს შეცვლის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, იმავდროულად იურიდიული კომპანიის დამფუძნებლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ახალი თაობის იურისტების მიზანია, საქართველოში იურიდიული მომსახურების სფერო დაეფუძნოს კლიენტის საუკეთესო ინტერესებს. კომპანიის კომერციული ინტერესები დაექვემდებაროს საზოგადოებრივ ინტერესებს. საქმეთაწარმოების განხორციელების დროს, რეალური გახდეს მხარეთა ნდობა და საქმისწარმოების სტრატეგიები.

იურიდიული კომპანიის მთავარი ღირებულება სწორედ კლიენტის საუკეთესო ინტერსების დაცვა იქნება და ამ მიმართულებით, წარმომადგენლობით ურთიერთობაში დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლა. კომპანია ორიენტირებული იქნება პრეცედენტული დავების მიღებაზე. პრიორიტეტი მიენიჭება საკუთრების უფლებასთან, სახელშეკრულებო დავებთან, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ სამართლებრივ საქმეებს. კომპანია ხელს შეუწყობს ოჯახის ადვოკატის მომსახურების კულტურის ამაღლებას. საქმის სტრატეგია მთლიანად მომზადდება კლიენტის მონაწილეობით. ამ პრაქტიკით, გამიჯნვა მოხდება  იმ ტენდენციებთან, როდესაც ცალკეული გადაწყვეტილებები კლიენტთან შეთანხმების გარეშე ხდებოდა. კომპანია გააძლიერებს წარმოამდგენლობას საარბიტრაჟო დავებში და იმუშვებს არბიტრის ინსტიტუტის განვითარებისთვის. იურისტები, ეროვნული დონის სამართალწარმოებასთან ერთად, წარმოამადგენლობას განახორციელებს საქმეებზე, რომელთა გაგრძელებაც ნავარაუდევია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. კომპანიის მიერ წარმოებულ ასეთ საქმეებზე, ევროსასამართლოში შემდგომ წარმომადგენლობას უზრუნვლეყოფს იურისტი ლია მუხაშავრია.

კომპანია გამოკვეთილად იმუშვებს ქართველი ემიგრაციის უფლებებებისა და ინტერესების დაცვაზე და გაძლიერდება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა. კომპანიის იურისტები განახორციელებენ კვლევით საქმიანობასაც და საზოგადოებას წარუდგენენ სამართლებრივ დასკვნებს კონკრეტულ ქეისებთან თუ სამართლებრივ ინსტიტუციებთან დაკავშირებით. ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საჯარო იქნება ორგანიზაციის სამართალწარმოების კალენდარი, რაც დაინტერესებულ მხარეებს თუ სტუდენტებს, სასამართლო სხდომებზე დაწრების შესაძლებლობას მისცემს. იმოქმედებს ონლაინ-კონსულტაციის სისტემაც და კომპანია წარმომადგენლობის პროცესში, კლიენტს შესთავაზებს იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების სრულიად ახალ ვერსიას, მომსახურების გადახდის ახალ მექანიზმს. კომპანია გეგმავს პროფესიულ თანამშრომლობას სხვადასხვა ეროვნული დონის ინსტანციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სამართალწარმოების მიმართულებას, ამიერიდან კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატები“ უზრუნველყოფს. 



კომენტარები