ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურად პარლამენტს ნინო გვენეტაძე წარედგინოს, სამართლებრივი სახელმწიფოს და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივი მოლოდინები გამართლდა. შესაბამისად, არ არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზი, ნინო გვენეტაძის კანდიდატურას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადოს. ამასთან, მნიშვნელოვანია ნინო გვენეტაძის პირველი აღნიშნვაც, რომ შეძლებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას და მოსამართლეთა კორპუსის პროფესიული შესაძლებლობების ამაღლებას. მიგვაჩნია, რომ ნინო გვენეტაძეს შეუძლია, პოლიტიკური სასამართლოდან სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესში, მთავარი არბიტრის როლის შესრულება, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმა. სხვა შემთხვევაში, სასამართლო სისტემა კვლავ 10 წლით ჩამორჩება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და ევროპულ გამოცდილებას.
ორგანიზაცია დარწმუნებულია, რომ ნინო გვენეტაძე გახდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც სასამართლო სისტემაში, უმძიმესი მემკვიდრეობა ხვდება. მიგვაჩნია, რომ მისი სახელი, გამოცდილება, შეუვალობა და ხედვა იმსახურებს საზოგადოებრივ ნდობას და უპირველეს ყოვლისა, ნდობას სამოსამართლო საზოგადოებაში. ნდობას იმსახურებს ნინო გვენეტაძის სასამართლოს სისტემის განვითარებისთვის საჯაროდ გამოთქმული ხედვაც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში უნდა შეიქმნას სპეციალიზებული პალატა და მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის მიმართვამდე, გადაწყვეტილებები ეროვნულ დონეზე გადასინჯონ. მიგვაჩნია, რომ „პატარა სტრასბურგის“ მოდელი მთლიანად პასუხობს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მექანიზმს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ნინო გვენეტაძის სახით, საქართველოს სამოსამართლო კორპუსს, ღირსეული ხელმძღვანელი და მნიშვნელოვანი რეფორმატორი ეყოლება.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, სხვა სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა 2015 წლის 9 თებერვალს წარუდგინა. ორგანიზაციამ წარდგენამდე თანხმობა თავად ნინო გვენეტაძესთან კონსულტაციის შედეგად მიიღო.