სამოქალაქო სექტორმა კოტე კუბლაშვილის 10 წლიანი მმართველობა უნდა შეაფასოს

20 თებერვალი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2015 წლის 23 თებერვალს, კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ ქართული სასამართლო სისტემის 10 წლიანი მმართველობის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, საპროტესტო აქციას გამართავს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვნელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროფესიულ საზოგადოებას და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც უშუალო შეხება გააჩნდა სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების საკითხთან, შეუძლებელია პროტესტის გარეშე დატოვოს ეპოქა, როდესაც კონსტანტინე კუბლაშვილი სასამართლოს ერთპარტიული დემოკრატიით მართავდა.

„მიგვაჩნია, რომ კონსტანტინე კუბლაშვილის მმართველობის დროს, ქართულ მართლმსაჯულების სისტემა არ იყო დამოუკიდებელი, ცალკეული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მოსამართლეები ასრულებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დავალებებს, სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა მხარეთა რეალური შეჯიბრითობისა და თანასწორუფლებიანობის გარეშე, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება, სასამართლო ემსახურებოდა სისტემური დანაშაულებების დაკანონების პროცესს. შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო ჯგუფს, მოქალაქეებს, რომლებიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მსგავსად ფიქრობენ, 2015 წლის 23 თებერვლის მშვიდობიან აქციაში თანამონაწილეობით, საკუთარი პოზიცია გამოხატონ, რათა საზოგადოებამ მომავალში აღარ დაუშვას ის დუმილი, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარების დროს, შემგუებლურ ხასიათს ატარებდა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედოვნებს, რომ ქართული მართლმსაჯულებიდან კონსტანტინე კუბლაშვილის წასვლის დღეს და პროტესტის მნიშვნელობას, ნებისმიერ სამოქალაქო პოზიციაზე, ვალდებულებაში მყოფი თუ ასეთი ვალდებულებებისგან თავისუფალი ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეაფასებენ. არჩილ კაიკაციშვილი სასამართლო სისტემიდან კონსტანტინე კუბლაშვილის საზეიმო გაცილების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შეიძლება არსებობდეს პროფესიული სოლიდარობა, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, რომელი მოსამართლეები გადაუხდიან მადლობას მაღალი სტანდარტებისთვის უზენაესი სასამართლოს მიმავალ თავმჯდომარეს. საზოგადოება, ალბათ, უკეთესად განსჯის“.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2015 წლის 23 თებერვალს, სპეციალურ მიმართვასაც გაავრცელებენ, სადაც ხელმოწერა ყველა მსურველ ორგანიზაციას შეეძლება. განცხადების ტექსტი ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, საქართველოს უზენაესს სასამართლოსთან აქციის დაწყების დრო. პროტესტი იქნება მშვიდობიანი ფორმით და არ იგეგმება გზის გადაკეტვა ან/და რაიმე ფორმით ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა. 



კომენტარები