სამოქალაქო სექტორმა საკასაციო სასამართლოსთან კოტე კუბლაშვილის 10 წლიანი მმართველობა გააპროტესტა

23 თებერვალი, 2015

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთობლივი განცხადებით გამოვხატავთ ჩვენს შეფასებას კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ ქართული სასამართლო სისტემის 10 წლიანი მმართველობის დასასრულთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ეპოქა, როდესაც კონსტანტინე კუბლაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას ხელმძღვანელობდა, უნდა შეფასდეს სასამართლოს მმართველობად ერთპარტიული დემოკრატიის პრინციპებით.

მიგვაჩნია, რომ კონსტანტინე კუბლაშვილის მმართველობის დროს, ქართულ მართლმსაჯულების სისტემა არ იყო დამოუკიდებელი, ცალკეული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, მოსამართლეები ასრულებდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დავალებებს, სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა მხარეთა რეალური შეჯიბრითობისა და თანასწორუფლებიანობის გარეშე. 2005-2012 წლებში, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ადვოკატის ინსტიტუტს, სასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება, სასამართლო ემსახურებოდა სისტემური დანაშაულებების დაკანონების პროცესს. სასამართლომ ვერ შეძლო ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაზრდა, ეროვნული სასამართლოების უუნარობამ ქვეყანაში ხელი შეუწყო დაუსჯელობის სინდრომის გაღრმავებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროდან გასვლას. შესაბამისად, სასამართლო სისტემა ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, სათანადოდ დაეცვა როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეთა ყველაზე ფუნდამენტური და ძირეული ღირებულება - სიცოცხლისა და საკუთრების უფლება. შესაბამისად, ქართულმა მართლმსაჯულების სისტემამ, ვერ შეძლო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა, ხოლო განხორციელებულმა ცალკეულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, ადმინისტრირებამ და ორგანიზაციული ხასიათის მიღწევებმა, საერთო ჯამში გავლენა ვერ იქონია სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის და თავისუფლების ხარისხზე.

სასამართლო სისიტემა დღეს მოითხოვს დაუყოვნებლივ ცვლილებებს, ახალ მენეჯმენტს, მართლმსაჯულების რეფორმა კი საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნებას და სასამართლოს სრულ გათავისუფლებას ნებისმიერი ჩარევისაგან. მიგვაჩნია, რომ რთული მემკვიდრეობის ფონზე, საქართველოს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიიციის უმაღლეს საბჭოსთან ერთად, ყურადღებით უნდა მოეკიდოს სასამართლო ინსტანციებში არსებულ პრობლემებს და დაიწყოს სასამართლო დამოუკიდებლობის რეალური გარანტიების შექმნა, მოსამართლის მიუკერძოებლობის საყოველთაო პრინციპის პრაქტიკური უზრუნველყოფა და თავისუფალი გადაწყვეტილებებისთვის შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბება.

ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოცემულ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, სამართლებრივ ვითარებაში, ვგრძნობთ რა სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებისა და რეალური როლის ამოქმედების განსაკუთრებულ საჭიროებას, სასამართლო სამართლიანობის აღდგენის პროცესში, უნდა გახდეს რეალური არბიტრი. ჩვენი ჩართულობა და მონიტორინგი იძენს განსაკუთრებულ დანიშნულებას, რადგანაც სასამართლო არასოდეს დაუბრუნდეს უკვე გამოცდილ პერიოდს, არამედ განვითარდეს, დაუახლოვდეს ევროსასამართლოს სტანდარტებს და ამ პროცესში, ვგრძნობთ ჩვენს როლსაც და პასუხისმგებლობას.

განცხადებაზე ხელმომწერნი:

ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები”

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

ა(ა)იპ “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“;

ა(ა)იპ „უფლებადამცველთა გაერთიანება“;

ა(ა)იპ „პოზიცია“;

ა(ა)იპ „ახალი ინიციატივა“;

ა(ა)იპ „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“;

ა(ა)იპ „ახალგაზრდული ცენტრი“;

ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“

ა(ა)იპ ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია”;

ა(ა)იპ “საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანება";

ა(ა)იპ „,ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის



კომენტარები