ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას აფხაზ და ოს მოსახლეობასთან კომუნიკაციის ახალ ხაზსს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, მთავრობის სამინისტროებს უნდა დაეკისროთ საკუთარი საქმიანობის, განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმების, სახელმწიფოს მხრიდან არსებული სერვისებისა და შეთავაზებების თაოაბზე ინფორმაციის მომზადება აფხაზურ და ოსურ ენებზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ლაშა ციბაძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებთან - აფხაზზ და ოსს მოსახლეობასთან ახალი კომუნიკაციის სტრატეგია სჭირდება, რომელიც შესაძლებელს გახდის, ჩამოყალიბდეს თანაცხოვრებისა და თანამშრომლობისათვის ახლებური მიდგომები. ახალი კომუნიკაციის სტრატეგია ხელს შეუწყობს აფხაზი და ოსი მოსახლეობის ინფორმირების გაზრდას საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის სიახლეების თაობაზე. საქართველოს რეფორმების მიმართ იქნება სწორხაზოვანი და ობიექტური წარმოდგენა. ინიციატივის განხორციელება, ხელს შეუწყობს კონფლიქტის სოციალური დიალოგის ფორმატში დაძლევის მექანიზმის გაჩენას და ნდობის დაბრუნებას. ასევე, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ევროპული არჩევანის შესაძლებლობების შეფასებასა და უპირატესობისთვის, რაც აფხაზი და ოსი მოქალაქეების თვითორიენტაციის საკითხში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლა ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევის საკითხი. მოცემულ ეტაპზე, მხოლოდ აფხაზი მოსახლეობისთვისაა შესაძლებელი საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება, რომელსაც საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდის აფხაზურენოვანი თარგმანი უზრუნველყოფს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, მთავრობის ვებ-გვერდის ოსურ ენაზე ფუნქციონირება, ამ ეტაპზე არ იგეგმება. ამასთან, ორგანიზაციამ შეისწავლა სხვადასხვა სამინისტროს ოფიციალური გვერდები, სადაც უპირატესობა ენიჭება მხოლოდ ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გვერდების ფუნქციონირებას. არც ერთ საჯარო დაწესებულების ოფიციალურ გვერდს აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი თარგმანი არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე - აფხაზური“, რაც კონსტიტუციური დებულებებიდან გამომდინარეობს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს მთავრობას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დიალოგისა და კომუნიკაციის პროცესში, განიხილოს წინადადება, საქართველოს სამთავრობო უწყებების - სამინისტროების საქმიანობის მათ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი თარგმანის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდის აფხაზურ ენაზე თარგმანს, ამჟამად უზრუნველყოფს ტენდერში გამარჯვებული - ა(ა)იპ „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი“. საქართველოს მთავრობა ოფიციალური გვერდის აფხაზურ ენაზე თარგამნს უზრუნველყოფს 2010 წლის 16 ივლისიდან და აღნიშნული ვებ-გვერდის აფხაზურ ენაზე თარგმანის ხარჯმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2014 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგინა 36358 ლარი.