ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პარლამენტში წარდგენას დაჩქარებულ ვადებში სთხოვს და დადებითად აფასებს კიდევ ერთ ინიციატივას, რომელიც საგანმანათლებლო სკოლებში, მანდატურის ნაცვლად, ბავშვთა დაცვის ოფიცერის ინსტიტუტის შემოღებას უკავშირდება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, სალომე გოგლიძის განცხადებით, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა, ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპულ სტანდარტებს პასუხობს. ახალი რეგულაციებით, ქართული სასამართლო სისტემა უახლოვდება ბავშვთა უფლებების კონვენციით აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტების გადმოტანას და იმპლემენტაციას, თუმცა ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ საჭიროა დროულად მოხდეს სპეციალიზებული პოლიციელების, გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების შესაბამისი გადამზადება, რომლებიც არასრუწლოვანთა საქმეების განხილვის პროცესში ჩაერთვებიან. მთავარი პრონციპი, რაც ახალ კოდექსს შემოაქვს, პირველ რიგში, ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესზე დაფუძნებული ინდივიდუალური მიდგომა. ამასთან, ახალი კოდექსისთვის პროირიტეტულია განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენება, თუმცა მნიშვნელოვანია, პროექტზე დისკუსიის დროს, სწორად შეფასდეს რისკებიც, რათა განრიდების პროცესში არ მოხდეს ისეთი მოვალეობების დაკისრება, რაც ხელს შეუშლის არასრულწლოვანს განათლების მიღების პროცესში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კანონპროექტის მიღებამდე, მნიშვნელოვანია სათანადო არგუმენტები და ახალი რეგულაციები ჩამოყალიბდეს 16 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების შესაძლო გამჟღავნებასთან დაკავშირებით, ვინაიდან კოდექსი ასეთ შესაძლებლობას, თავად არასრუწლოვანის თანხმობით ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ბავშვმა სათანადოდ ვერ გაიაზროს, თუ რა სახის ინფორმაციას ასაჯაროებს და დამდგარი შედეგი, შესაძლებელია უარყოფითად აისახოს მოზარდის საზოგადოებრივ სტატუსზე. ამასთან, ორგანიზაცია ფიქრობს, რომ კიდევ ერთ დაზუსტებას მოითხოვს კანონპროექტის ჩანაწერი, არასრულწლოვანის მიმართ, პენიტენციურ სისტემაში, თუ ვის და რა სიტუაციებში შეეძლებათ სპეციალური საშუალებების გამოყენება. მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით, დამატებითი რეგულაციების შემოღება უნდა არსებობდეს.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, პროექტის მთავარი მონაპოვარი ,,სუფთა ფურცლის“ და ,,შანსის მიცემის“ პრინციპებია. ვფიქრობთ, რომ განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ დადებითად აისახება და შეუმსუბუქებს არასრულწლოვნებს არამხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებულ პერიოდს, არამედ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება არასრულწლოვანთა რესოციალიზაციის მხრივაც. ამასთან, მისასალმებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება, სკოლებში მანდატურის ბავშვთა დაცვის ოფიცერით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რაც ხელშმწყობი ფაქტორი იქნება მართლმსაჯულების ახალი კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში. ბავშვთა დაცვის ოფიცერის ფუნქცია რადიკალურად განსახვავებული იქნება მანდატურის ფუნქციისაგან, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი იქნებიან მაღალკვალიფიციური კადრები და მათი ძირითადი მოვალეობა ბავშვთა დაცვა იქნება, როგორც სკოლაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.