ნაფიც-მსაჯულებისთვის თანამდებობის პირთა საქმეების განხილვის შეზღუდვა მისაღებია

28 თებერვალი, 2015

ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება, რომელიც ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს მონაწილეობით, მაღალი თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს და საკანონმდებლო ინიციატივას საჭირო ცვლილებას უწოდებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ანა კიკნაძის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, უნდა გაუქმდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, 2014 წლის სექტემბერიდან მოქმედი ნორმა, რომელიც თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებს საშუალებას აძლევდა, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, განეხილათ  „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით მითითებული თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებსაც ეკავათ ან ახლა უკავიათ შესაბამისი თანამდებობა. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული საქალაქო სასამართლოების ნაფიც-მსაჯულებს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვის უფლება 2016 წლის 1 ოქტომბრამდე გააჩნიათ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კანონში ცვლილებები მისაღებია, რადგანაც ნაფიც მსაჯული არის შემთხვევითი პრინციპით საქმის განხილვისთვის მოწვეული ადამიანი, რომელსაც საქმესთან დაკავშირებით საკუთარი შინაგანი რწმენა, შესაძლებელია გააჩნდეს მასობრივი-საინფორმაციო საშუალებების გავლენით. თანამდებობის პირების საქმიანობა, ხშირ შემთხვევებში, არის საზოგადოებრივი ჯგუფების განხილვის საგანი. შესაბამისად, შესაძლოა ნაფიც-მსაჯულები აღმოჩნდნენ მედიაში საქმის მიმართ არსებული მოსაზრებების გავლენის ქვეშ, სიღმისეულად არ იცოდნენ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც ქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს, რომ ნაფიც მსაჯულებმა ობიექტურად არ განიხილონ ასეთი თანამდებობის პირთა საქმეები და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი დისკუსიის შედეგებით.

ორგანიზაცია ყურადღბას დაუთმობს იმ გარემოებასაც, რომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვას აჭიანურებს შერჩევის პროცედურა. სასამართლოს ხშირად უწევს ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად დამატებით შერჩევის რამდენიმე სხდომის მოწვევა, რაც დაკავშირებულია ფინანსურ, ადამიანურ და დროის ფაქტორთან. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევა, შედეგად კი გაუქმდეს პირისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც, მნიშვნელოვანია კოდექსში განხორციელდეს დაგეგმილი ცვლილება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის ივლისში, წინადადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და სასამართლოს ეფექტიანი მმართველობის განხორციელებისთვის, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა მოითხოვა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არსებობს მაღალი რისკი, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელების პროცესში, ნაფიც-მსაჯულებმა ვერ უზრუნველყონ სათანადო დასაბუთების მქონე გადაწყვეტილების მიღება და მოხდეს მართლმსაჯულების რეალური დანიშნულების იგნორირება. დღეს საზოგადოება საკმარისად არ არის მზად, მაღალი პასუხისმგებლობის ვერდიქტი გამოიტანოს. ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის ნაცვლად, საჭიროა მართლმსაჯულების რეალური რეფორმა. საჭიროა სასამართლო რეფორმა განხორციელდეს სწრაფი ტემპით, სასამართლო სისტემა დაუახლოვდეს ევროპულ გამოცდილებას.

ცნობისთვის: მოქმედი კანონით, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. ამავე დროს, ამ ინსტიტუტის სრულად ამოქმედება გადავადდა ტერიტორიული ნიშნის მიხედვით. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 18 სექტემბერს მიიღო კანონი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრული ამოქმედება 2014 წლიდან  2016 წლის 1 ოქტომბრამდე გადადო. 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით, ნაფიც-მსაჯულებმა საქართველოში, სულ 8 საქმე განიხილეს.

 



კომენტარები