„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

1 მარტი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებას მიესალმება, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 1 მარტიდან, იურიდიული პირებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი აღარ გაძვირდება და კომპანიას მიმართავს, გამოიჩინოს კორპორაციული პასუხისმგებლობა და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, რომელსაც კომპანიის გაუაზრებელი მოქმედებებით, კომერციული სირთულეები შეექმნა და საქმიანობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კომპანიამ გააცნობიერა თავისი მცდელობების რისკები და გამოწვევები, მიღებული გადაწყვეტილება კი პირდაპირ უკავშირდება „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გაზრდილი ტარიფის მიმართ დაწყებულ შეურიგებელ საზოგადოებრივ კამპანიას და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ თანხმობას, კომპანიის მიმართ ერთობლივი სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ახალ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა და „ყაზტრანსგაზ თბილისს“ 2015 წლის 5 თებერვალს სპეციალური წერილით მიმართა, რათა განმარტებები მომხდარიყო გაზის ტარიფის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ, სხვა იურიდიულ პირებსაც მიმართა და კომპანიის შემოთავაზებაზე თანხმობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანიისგან ძველი ხელშეკრულების ასლის მიღებაც, ოფიციალური წესით მოითხოვეს, თუმცა „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“, 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ორგანიზაციას დოკუმენტის ასლი შეგნებულად არ გადაუგზავნა. არაოფიციალური ინფორმაციით, დოკუმენტი კომპანიაში დაკარგულია, საკითხის ფართო გაგებით კი, კომპანია ორგანიზაციას სამართალწარმოების პროცესში, მიზანმიმართულ დაბრკოლებებს უქმნის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანიას მიმართავს და მოუწოდებს, ცალკეული იურიდიული პირების მხრიდან ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულებები ძალადაკარგულად სცნოს, ვინაიდან არსებობს მაღალი რისკი და კომპანიის კეთილსინდისიერების მიმართ ნაკლები ნდობა, კომპანიამ გარკვეულ იურიდიულ პირებთან, სატარიფო პოლიტიკა, ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით განახორციელოს.

ცნობისთვის: 2015 წლის 2 თებერვალს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საჯარო განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვითაც, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“გადაწყვეტილება გაზის მომხმარებელ იურიდიულ პირებს გაეზარდოთ მომსახურების ტარიფი და მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ტარიფი განისაზღვროს ყოველი 1000 მ3 გაზისათვის 900 ლარით, წარმოადგენდა კომპანიის მხრიდან მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებების უხეშ დარღვევას, ხელშეკრულების ცვლილების ცალმხრივ მიზანს და მიუთითებდა კომპანიის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების მცდელობებზე. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებელთან დადებული ჰქონდა ვადიანი ხელშეკრულებები, რომლის ცალმხრივი შეცვლის იმპერატიული მოთხოვნა, სერიოზულ ზიანს აყენებდა იურიდიული პირების საქმიანობას და პირდაპირ არღვევდა მომხმარებლის უფლებებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მაშინ ვთქვით, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ კომერციული ინტერესები არ პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს. გადაწყვეტილების ამოქმედების შემდგომ, განსაკუთრებული სირთულეების წინაშე აღმოჩნდება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლები დამოკიდებულია გრანტის ფინანსურ ნაწილზე და დონორთან უკვე შეთანხმებულია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, კომუნალური გადასახადები. მიგვაჩნია, რომ კომპანიის ოფიციალური განცხადება, ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებაში ცვლილების გამო გაიზარდოს გაზის ტარიფი, არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი არ შეიძლება იყოს. კითხვებს ბადებს გარემოება, თუ რატომ ხდება გაზის გაძვირება მხოლოდ იურიდიული პირებისთვის. ამასთან, რამდენად სამართლიანია კომპანიის მხრიდან შემოთაავზებული ახალი სატარიფო პოლიტიკა, როდესაც „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაზის ტარიფს აძვირებს 20%, ხოლო გასულ წლებთან შედარებით, ლარის კურსის აშშ დოლართან მიმართებით ინფლაცია, მხოლოდ 12-13%-ის შუალედში მერყეობს.

 

 

 



კომენტარები