სახელმწიფომ გიორგი პაპუაშვილს ალტერნატიული ფართი უნდა შესთავაზოს

2 მარტი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და საქართველოს მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს მიმართავს, რათა სახელმწიფოს მხრიდან ქონებაჩამორთმეულთა საქმეების განხილვის პროცესში, პრიორიტეტული ხარისხი მიენიჭოს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომლის სახლშიც, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისმა სამინისტროებმა და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაბედული ნაბიჯი უნდა გადადგან, რათა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული და ქონების რეალურ ფლობელს, წართმეული საკუთრება დაუბრუნდეს. ორგანიზაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან აქტიური მოქმედებების განხორციელებას მოითხოვს, რა დროსაც, შესაძლებელი გახდება, როლანდ ბლადაძემ გიორგი პაპუაშვილისგან კუთვნილი ქონება დაიბრუნოს. არჩილ კაიკაციშვილი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, სამინისტრომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს ალტერნატიული ფართი შესთავაზოს, იკისროს მედიატორის როლი და როლანდ ბლადაძეს დაუბრუნდეს კუთვნილი ქონება. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, სამინისტროს მედიაციის ასეთი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია, თუმცა ქონებაჩამორთმეულთა საქმეეებზე სამართლიანობის აღდგენის პროცესის მხარდაჭერაში, სამინისტროს კონკრეტული ინიციატივები არ გააჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სამინისტროს დახმარებას და პასუხისმგებლობის გაზიარებას სთხოვს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ეროვნული დონის სასამართლოების ამოწურვის შემდგომ, როლანდ ბლადაძის საქმე, შესაძლებელია გაგზავნილ იქნეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, სადაც მხარე საქართველოს სახელმწიფოს სახით, იუსტიციის სამინისტროა. საქართველოს მიმართ მორიგი საჩივარი და საქმის მოგების ალბათობა, მათ შორის, კვლავ ფინანსურ ვალდებულებად დაეკისრება საქართველოს, რაც არც მოსარჩელის დღევანდელ ინტერესებს პასუხობს და არც როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველთა პოზიციას. შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებს, ერთობლივი ძალისხმევით, დაიწყოს საქმეზე მორიგების ინსტიტუტის ამოქმედება, გიორგი პაპუაშვილისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება, წინა ხელისუფლების დროს დაშვებული სამართლებრივი შეცდომების აღმოფხვრა და როლანდ ბლადაძის მიმართ კუთვნილი ქონების დაბრუნება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა სათანადო ყურადღება დაუთმოს როლანდ ბლადაძისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ობიექტურად შეფასდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიერ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების კეთილსინდისიერების საკითხი, საჭიროების შემთხვევაში, მის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის ოქტომბერში, საზოგადოებას კვლევა წარუდგინეს, რომლის ისტორიაც, ფართო საზოგადოების წინაშე, პირველად გახდა ცნობილი. კერძოდ, განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს. მაშინდელი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და ადმინისტრაციული ორგანოები, შეთანხმებულნი აღმოჩდნენ, ემოქმედათ შერჩევითი სამართლის გამოყენებით, რათა თვალსაჩინო გამხდარიყო აჭარაში საჯარო მოხელეების გასამართლებისა და სამართლებრივი დევნის საკითხი.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს 2007 წელს დაუთმო, რომელიც დღემდე, ოჯახთან ერთად, აღნიშნულ სახლში ცხოვრობს.

საქმეზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004 წლის აგვისტოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ქონების ჯერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, შემდეგ კი ჩამორთმევა, იყო უსაფუძვლო და ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებებით გამყარებული. კვლევას უკვე მოჰყვა ვენეციის კომისიის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს გამოხმაურებაც. მისი ინგლისურენოვანი ვერსია გადაეგზავნათ საქართელოში დიპლომატიურ კორპუსსა და ევროპის 20-მდე ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. საკითხთან დაკავშირებით, დღემდე სდუმს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილიც.

 

 



კომენტარები