სახელმწიფო სამართლიანობის აღდგენის პროცესში სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას უნდა გრძნობდეს

5 მარტი, 2015

სახელმწიფოს მხრიდან სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნა სამართლიანობის აღდგენის დაჩქარების პროცესს გამოიწვევს. საზოგადოება კი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იმ პროცესს, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელია, მეორე მხრივ კი - სახელმწიფო ინტერესების საზიანო არ უნდა იყოს. ამის შესახებ 2015 წლის 5 მარტს, „კვირას“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორმა საზოგადოების მოლოდინების ჩამოყალიბების პროცესში, სიფრთხილე გამოიჩინოს, რადგანაც არ დაზარალდეს სამართლიანობის აღდგენის მხარდაჭერა და სახელმწიფოს მიეცეს ქონებაჩამორთმეულთა და წამების მსხვერპლთა მიმართ, სწორი სტრატეგიის განხორციელების შესაძლებლობა. მისივე თქმით, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეხედულებები, თითქოსდა არსებობს კითხვები სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გამჭვირვალობასთან მიმართებით, რადგანაც ცნობილი არ არის შემდგომი საქმიანობის პრინციპები, არ არის ობიექტური შეფასება. „არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო ბრალდებას ვერ უკარნახევს იმ ფორმას, თუ როგორ უნდა გამოიძიოს უმძიმესი, სისტემური დანაშაულებები. ასეთი პრეროგატივა სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს გააჩნიათ. სამოქალაქო სექტორის ვალდებულებაა, პროცესის მონიტორინგი და რეკომენდაციები ცალკეულ მოქმედებებთან მიმართებით. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა აუცილებელია. ზოგიერთი ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებებმა გამიჩინა განცდა, რომ ისინი სწუხან, პროკურატურამ ან მთავრობა, რატომ არ შეუთანხმდა დეპარტამენტის საქმიანობის შემდგომი სტრატეგია. ჩვენ ალბათ უნდა ვიპოვოთ სათანამშრომლო ველი, მაგრამ არა ურთიერთჩარევის სანაცვლოდ. ვნახოთ, რა ჩარჩო ექნება დეპარტამენტის საქმიანობას და რა ფორმას მიიღებს სამართლიანობის აღდგენის გარდაუვალი ეტაპი საქართველოში“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, მედიის კითხვებს უპასუხა, რომელიც შეეხებოდა ქონებაჩამორთმეულ, აჭარის ყოფილი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირის, როლანდ ბლადაძის სახლში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტს. არჩილ კაიკაციშვილმა მიმართა საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსა და საქართველოს მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, რათა სახელმწიფოს მხრიდან ქონებაჩამორთმეულთა საქმეების განხილვის პროცესში, პრიორიტეტული ხარისხი მიენიჭოს როლანდ ბლადაძის საქმეს. მისივე თქმით, დადგა დრო, მთავრობის შესაბამისმა სამინისტროებმა და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაბედული ნაბიჯი გადადგან, რათა საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული და ქონების რეალურ ფლობელს, წართმეული საკუთრება დაუბრუნდეს.

არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან, იუსტიციის სამინისტროდან და მთავარი პროკურატურისგან აქტიური მოქმედებების განხორციელებას მოითხოვს, რა დროსაც, შესაძლებელი გახდება, როლანდ ბლადაძემ გიორგი პაპუაშვილისგან კუთვნილი ქონება დაიბრუნოს. არჩილ კაიკაციშვილი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, სამინისტრომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს ალტერნატიული ფართი შესთავაზოს, იკისროს მედიატორის როლი და როლანდ ბლადაძეს დაუბრუნდეს კუთვნილი ქონება. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ, სამინისტროს მედიაციის ასეთი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, სამინისტროს დახმარებას და პასუხისმგებლობის გაზიარებას სთხოვს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ეროვნული დონის სასამართლოების ამოწურვის შემდგომ, როლანდ ბლადაძის საქმე, შესაძლებელია გაგზავნილ იქნეს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, სადაც მხარე საქართველოს სახელმწიფოს სახით, იუსტიციის სამინისტროა. საქართველოს მიმართ მორიგი საჩივარი და საქმის მოგების ალბათობა, მათ შორის, კვლავ ფინანსურ ვალდებულებად დაეკისრება საქართველოს, რაც არც მოსარჩელის დღევანდელ ინტერესებს პასუხობს და არც როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველთა პოზიციას. შესაბამისად, ორგანიზაცია მიმართავს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებს, ერთობლივი ძალისხმევით, დაიწყოს საქმეზე მორიგების ინსტიტუტის ამოქმედება, გიორგი პაპუაშვილისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზება, წინა ხელისუფლების დროს დაშვებული სამართლებრივი შეცდომების აღმოფხვრა და როლანდ ბლადაძის მიმართ კუთვნილი ქონების დაბრუნება.



კომენტარები