ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოში კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობის მეტი კონტროლისკენ მოუწოდებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ჯაბა სირაბიძის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელი ბანკი არის ვალდებული დატოვოს არასაფინანსო სექტორი და კონკრეტულად რისი დათმობა მოუწევს თითოეულ მათგანს. ამ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება აკისრია საქართველოს ეროვნულ ბანკს, რაზეც საზოგადოებას ხელი არ მიუწვდება და იგი მხოლოდ გარკვეული წრისთვისაა ცნობილი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს და მოუწოდებს გააცნოს საზოგადოებას რა ნაბიჯები გადაიდგა კომერციული ბანკების მხრიდან არაპროფილური საქმიანობის სფეროების ეტაპობრივი დატოვების მიმართულებით. ორგანიზაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს მოუწოდებს, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ არასაფინანსო სექტორში განხორციელებული ინვესტირების საკითხს შესაბამისი ყურადღება დაეთმოს. მართალია, დღეისათვის ქვეყანაში საბანკო სექტორის ინვესტიციები მათი აქტივების 2,6%-ს წარმოადგენს, საიდანაც არაპროფილური ინვესტიციების წილი დაახლოებით 1%-ია, მიუხედავად ამისა არ უნდა მოხდეს ამ მაჩვენებლის გაზრდა და არასაფინანსო სექტორის ბიზნეს აქტიურობის შეფერხება.
ორგანიზაციამ შეისწავლა საკითხი და მიუთითებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კომერციული ბანკების არასაფინანსო სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. კომერციული ბანკებისათვის ქვეყნების უმრავლესობაში შეუზღუდავია ფასიანი ქალღალდების ფლობა და სადაზღვეო საქმიანობის წარმოება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროებში საქმიანობის განხორციელება კომერციულ ბანკებს სრული სპექტრით შეუძლიათ. რაც შეეხება ისეთ სფეროს, როგორიც არის უძრავი ქონების სექტორში ბიზნეს აქტივობა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ მათი განხორციელება - აღნიშნული საქმიანობა არ შეიძლება განხორციელდეს არც ბანკისა და მისი შვილობილი ან მფლობელის/ჰოლდინგის სხვა საწარმოს მიერ. სწორედ მრავალი ქვეყნის გამოცდილებისგან განსხვავებით, საქართველოში არაპროფილური ბიზნესის ფლობა საბანკო სფეროსთვის ნებადართული საქმიანობაა, რომელსაც ბანკი ან უშუალოდ, ან შვილობილი კომპანიის მეშვეობით ახორციელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, უნდა გადაიხედოს ეროვნული ბანკის მიდგომები, რომელიც 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით შემუშავდა. მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობა დღეისათვის საგანგაშო ნიშნულს არაა მიღწეული, პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია დაწესდეს გარკვეული შეზღუდვები ინვესტიციების ფორმირებისა და მოცულობის ნაწილში, კომერციულ ბანკებს უნდა აეკრძალოთ არაპროფილური საქმიანობის განხორციელება.
ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია რომ კომერციული ბანკები, რომელებიც ამჟამადაც ჩართულნი არიან არაპროფილურ საქმიანობაში, არასაფინანსო სფეროებიდან გამოსვლა მოხდეს ეტაპობრივად, რათა თავიდან იქნეს აცილებული იმ არასაფინანსო სექტორისათვის ზიანის მიყენება, რომლებმაც გლობალური კრიზისისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, სრული რეაბილიტაცია ვერ განიცადეს.