„ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეზე, გიორგი ქადაგიძის დანაშაული იკვეთება

13 მარტი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადოკატები“ მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დააჩქაროს გამოძიება სს „ინეტელექტბანკის“ საქმესთან დაკავშირებით და პასუხისიგებაში მიეცეს პირები, რომლებიც ფიგურირებენ ბანკის გაკოტრებისა და კანონიერი მფლობელებისთვის წართმევის საქმეში. ამასთან, ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, დაიწყოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდნეტის გიორგი ქადაგიძის თანამდებობიდან გადაყენების იმპიჩმენტი, ვინაიდან გიორგი ქადაგიძის მიერ კომერციული ბანკების მიმართ, 2006 წლიდან მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები, ატარებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საზოგადოების წინაშე ცნობილი ხდება საკუთრების დათმობის კიდევ ერთი მძიმე ისტორია, რაც პირდაპირ ტოვებს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდნეტის, გიორგი ქადაგიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საკითხს. არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სწორედ გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა ეროვნული ბანკის მიერ შექმნილ დროებით ადმინისტრაციას, რომელიც შეიჭრა სს „ინეტელექტბანკში“, განახორციელა ბანკისთვის საზიანო და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები და სს „ინეტელექტბანკი“ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიყიდა ს.ს. „საქართველოს ბანკს“.

ყოფილი სს „ინეტელექტბანკის“ დამფუძნებლებისა და აქციონერების, ნუგზარ ჯაყელი-ხუნდაძისა და ვლადიმერ ჭანიშვილის განცხადებებით, გიორგი ქადაგიძის მიმართ იკვეთება ბრალეულობა, ვინაიდან  ეროვნული ბანკი ყველა საშუალებით ცდილობდა სს „ინტელექტბანკის“ მიმართ გაეტარებინა ისეთი ღონისძიებები, რაც ზიანს მიაყენებდა ბანკს. 2006 წლის 10 თებერვალს, სს „ინეტელექტბანკში“ შევიდა ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რაზმთან ერთად. დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვენელობდა ეროვნული ბანკის დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. კანონით, ბანკში დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დამდგარიყო, როდესაც იარსებებდა აუცილებელი გადაუდებლობა მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ორგანიზაციის მიერ შესწავლილი ყველა დოკუმენტი ამტკიცებს, რომ სს „ინტელექტბანკში“ სებ-ის დროებითი ადმინისტრაციის შესვლის საჭიროება არ არსებობდა. გიორგი ქადაგიძემ ყველა გადაწყვეტილება ბანკის გაკოტრების მიმართულებით მიიღო. მათ შორის დადასტურებული ფაქტია, როდესაც დროებითმა ადმინისტრაციამ, ბანკში შესვლისთანავე, შეცვალა ბანკის დაცვა, ორი დღე-ღამის განმავლობაში, ბანკის თანამშრომლები ჩაკეთილი ჰყავდათ ბანკის შენობაში და არ აძლევდნენ ბანკიდან გასვლის საშუალებას, ასევე ზეწოლით, პირადი ხასიათის მუქარით და შანტაჟის გამოყენებით თანამშრომლებს აიძულებდნენ ბანკთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემასა და ხელის მოწერას დროებითი ადმინისტრაციის მიერ შედგენილ და მათთვისვე სასურველ სხადასხვა დოკუმენტებზე.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საფუძვლიანად შეისწავლა სს „ინეტელექტბანკის“ საქმე და ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გარემოებსაც, რომ სწორედ დროებითმა ადმინისტრაციამ ოფიციალურად გამოაცხადა სს „ინეტელექტბანკი“ გაყიდვა, რომელიც სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა „საქართველო ბანკს“. მოცემულ საქმეში, ასევე იკვეთება ს.ს. „საქართველოს ბანკის“ იმდროინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ გურგენიძის ბრალეულობაც, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს, რომ მხარეებს შორის არსებული გარიგებები წინასწარი შეთანხმებებით მომზადდა. მაგალითად, ს.ს. „ინტელექტბანკში“ დროებითი ადმინისტრაციის შესვლის მომდევნო დღესვე, დილიდანვე, სს „ინეტელექტბანკში“ გამოცხადდა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლები და დაიწყეს ბანკში ყველა სახის უფლებამოსილების განხორციელება, დაიქვემდებარეს თანამშრომლები და დაავალეს სხვადასხვა ფუნქციების შესრულება. ჩამოხსნეს „ინეტელქტბანკის“ აბრები, დაიბარეს მეანაბრეები, დეპოზიტარები, მსესხებლები და დაიწყეს სს „ინტელექტბანკში“ არსებული საბანკო ანგარიშებიდან სს „საქართველოს ბანკში“ ახლადგახსნილ ანგარიშებზე ფულადი სახსრების გადატანა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ სს „საქართველოს ბანკი“  სს “ინტელექტბანკის“ დროებითი ადმინისტრაციის თანხმობით ოფიციალურად შეიერთებდა მას, რაც საბანკო სფეროში არსბეული ყველა წესის, მოქმედი კანონმდებლობის ღია დარღვევაა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პროკურატურისგან საქართველოს ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის სამართლებრივი აპსუხისმგებლობის საკითხის დასმასაც მოითხოვს, ვინაიდან სებ-მა არ განახორციელა ს.ს. „ინტელექტბანკის“ დაცვა და დროებითი ადმინისტრაციის საქმიანობის კონტროლი, ხელი შეიწყო ბანკის გაკოტრებას და გასხვისებას, რაც დანაშაულია. კანონით, დროებით ადმინისტრაციას მიზანია ბანკის ფინანსური მაჩვენელების გაუმჯობესება, რომლის შემდგომაც, ბანკი უბრუნდება იმ ადმინისტრაციას, რომელსაც აქციონერები და მეწილეები ნიშნავენ. ქართულ რეალობაში, დროებითი ადმინისტრაცია სხვადასხვა პერიოდში შესულია მრავალ კომერციულ ბანკებში, მაგალითად, სს „ივერთბანკი“,  სს “სტანდარტბანკი“, სს „ქართუ ბანკი“ და სხვა, თუმცა აღნიშნულ ბანკებში, მაშინ დროებით ადმინისტრაციას არ განუხორციელებია ისეთი ღონისძიებები, რაც ბანკისთვის დამღუპველი იქნებოდა. ორგანიზაცია სს „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმის მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბრობს პრეცედენტზე, როდესაც არამხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო რელობაშიც რთულია დასახელდეს ისეთი ფაქტი, როცა დროებითი ადმინისტრაცია ორი არასამუშაო დღის განმავლობაში, ყიდის ბანკს 1 ლარად, ვითომ აუქციონზე, რომელიც რეალურად არც კი გამოცხადებულა და ჩატარებულა. 



კომენტარები