ორგანიზაცია „ახალაგზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიმართ, 2013 წლის 5 ივლისს დაწყებული გამოძიება დააჩქაროს და კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის პრინციპების მაღალი სტანდარტით, საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე, რომელიც გიორგი პაპუაშვილის მხრიდან თაღლითური გზით, ქალაქ ბათუმში, კერძო საკუთრების მიტაცებას ეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის, ასევე როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველის, ნანა წულაძის განცხადებით, საქართველოს მთავრი პროკურატურის 2015 წლის 11 თებერვლის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო ნაწილში, გიორგი პაპუაშვილის ქმედების მიმართ, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეს თაღლითობის ნიშნებით. საქმე ეხება აჭარაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის შემთხვევას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულებით, საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა და სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა, ხოლო გიორგი პაპუაშვილმა, საკუთრივ, 2010 წელს, როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებული ავტოფარეხი მიისაკუთრა, რომელიც არც ჩამოსართმევი ქონების ნუსხაში იყო მოქცეული და არც 2004 წლის 14 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით არის ჩამორთმეული.
ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილს ხდის გიორგი პაპუაშვილის მხრიდან როლანდ ბლადაძის მიმართ დაშვებული კიდევ ერთი კანონშეუსაბამო ქმედების ფაქტს. 2010 წლის მარტში განხორციელებული ქმედებით, გიორგი პაპუაშვილს საკუთრების უფლება წარმოეშვა როლანდ ბლადაძის მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხზე, რომლის გასხვისებაც, არც 2007 წლის სახელმწიფოსთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და არც სხვა იურიდიული დოკუმენტაციით, დადასტურებული არ იყო. საქმეში არსებული მასალებით მტკიცდება, რომ 2009 წლის 18 დეკემბერს გაიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრება, რომელმაც დღის წესრიგით განიხილა ერთადერთი საკითხი - გიორგი პაპუაშვილისთვის დამხმარე ნაგებობების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. საერთო კრების გადაწყვეტილებით, მომზადდა მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რათა გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში აღრიცხულიყო ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა #37-ში მდებარე დამხმარე ნაგებობა - სამეურნეო სათავსო და გარაჟი, 35,63 კვ.მ ოდენობით. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ იყო უფლებამოსილი, განეხილა და მიეღო გადაწყვეტილება გიორგი პაპუაშვილისთვის ავტოფარეხის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. მეტიც, ავტოფარეხი არ წარმოადგენდა საერთო საკუთრებას. 2000 წლის 11 სექტემბრის ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის ოქმის გადაწყვეტილებით, ავტოფარეხი გატარდა როლანდ ბლადაძის მფლობელობაში. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტით, მხოლოდ როლანდ ბლადაძე ითვლებოდა მის მართლზომიერ მფლობელად. ამიტომაც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა უფლებამოსილი არ იყო, განეხილა ავტოფარეხის გიორგი პაპუაშვილისთვის მიკუთვნების საკითხი, თუმცა დოკუმენტებით ჩანს, რომ აღნიშნული მოქმედებებით, სახელმწიფომ როლანდ ბლადაძის მიმართ, მორიგი უკანონო ქმედება განახორციელა.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ საქმეში არსებობს ამხანაგობის თავმჯდომარის ჩვენება. კერძოდ, მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ ავტოფარეხი როლანდ ბლადაძის საკუთრება იყო, იგი გიორგი პაპუაშვილის დაცვის უფროსმა მიიყვანა მაშინდელ გამგებელთან, სადაც გამზადებული დახვდა ოქმი ავტოფარეხის გიოგი პაპუაშვილისთვის გადაცემის შესახებ. ამხანაგობის თავმჯდომარეს, ზემოქმედების ქვეშ მოუხდა ოქმზე ხელის მოწერა და აღნიშნული ხელმოწერა დადასტურდა ნოტარიუსის მიერ. ამასთან, ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს არქივში აღარ მოიპვება ავტოფარეხზე როლანდ ბლადაძის საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტები. ამჟამად გვხდება მხოლოდ შემდეგი ჩანაწერი: „აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა ერას ქუჩა #37-ში მდებარე რ. ბლადაძის ავტოფარეხი, რომელიც საარქივო მასალებში არ ინახება“, რაც ცალკე დანაშაულის ნიშნებს ატარებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ შევნიშნავთ, რომ ქ. ბათუმში, 2012 წელს, ერას ქუჩა #37-ში განხორციელდა ავტოფარეხებისა და დამხმარე სათავსოების დემონტაჟი. მათ შორის მოექცა გიორგი პაპუაშვილის სახელზე გაფორმებული ავტოფარეხიც. როლანდ ბლადაძის კანონიერი ინტერესების დამცველებმა, 2013 წლის ივნისში, შეძლეს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ოფიციალური დოკუმენტის მიღება, რომლის მიხედვითაც დემონტირებული ავტოფარეხის სანაცვლოდ, გიოორგი პაპუაშვილმა კომპენსაციის სახით მოითხოვა და მიიღო 3565 ლარი.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2014 წლის ოქტომბერში, საზოგადოებას კვლევა წარუდგინეს, რომლის ისტორიაც, ფართო საზოგადოების წინაშე, პირველად გახდა ცნობილი. განხორციელებული მონიტორინგი გადმოსცემს როლანდ ბლადაძის საქმეს, რომელიც იმ პირთა შორის აღმოჩნდა, ვისაც ქონება ნების საწინააღმდეგოდ, 2004 წელს წაართვეს. საქმეზე, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგომ განხორციელებულმა ობიექტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ, 2004 წლის აგვისტოში, სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ბრალდებით, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ქონების ჯერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა, შემდეგ კი ჩამორთმევა, იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. საქმეზე კონკრეტული სამართლებრივი მოქმედებები გრძელდება.