ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ს.ს. „ინტელექტბანკში“, 2006 წელს, ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის შესვლა, წარმოადგენდა ტიპურ შემთხვევას, რომლის თანახმადაც, „როდესაც კომერციული ბანკი, თავისი ფინანსური მდგომარეობით უკვე საფრთხის შემცველი იყო მეანაბრეებისა და კრედიტორების ინტერესებისათვის, რაც ზოგადად რისკის ქვეშ აყენებდა საბანკო სისტემის სტაბილურობას და მდგრადობას“. აგრეთვე, სებ-ის შეფასებით, „ინტელექტბანკის" პრობლემის მოგვარების სქემა ეფუძნებოდა პრობლემური ბანკის მოგვარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. პროცესი იყო გამჭვირვალე, წარიმართა რა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ეს გახლდათ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ჯანსაღი გზა, რომლის შედეგადაც არ დაზარალებულა ბანკის არც ერთი მეანაბრე და კრედიტორი“.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული განცხადება წარმოადგენს დანაშაულის შესაძლო ნიშნების გადაფარვის მცდელობას, რომელიც სებ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან იქნა განხორციელებული ს.ს. „ინტელექტბანკის“ მიმართ. ორგანიზაცია ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტ გიორგი ქადაგაძეს მიმართავს, რათა ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრებასთან დაკავშირებით, საკუთარი სიმართლის და ეროვნული ბანკის უდანაშაულობის თვალსაჩინოებისთვის, მიიღოს ორგანიზაციასთან და ბანკის თანადამფუძნებლებთან ერთობლივი შეხვედრის გადაწყვეტილება. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ რომელიმე განცხადება ან პოზიცია, რომელიც ს.ს. „ინტელექტბანკის“ საქმესთან დაკავშირებით, სებ-ის მხრიდან შეიძლება გავრცელდეს, საკუთარი გადაცდომების გადაფარვის მცდელობას ემსახურება. ორგანიზაციამ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი მასალა და მხოლოდ ამის შემდგომ შეძლო საჯარო განცხადების გაკეთება, სადაც ბანკის გაკოტრების საქმეში, დასახელებულ იქნა სებ-ის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. შესაბამისად, ორგანიზაცია საკითხზე დისკუსიას, საქართველოს ეროვნულ ბანკს სთავაზობს ს.ს. „ინტელექტბანკის“ თანადამფუძნებელთა მონაწილეობით. მივიჩნევთ, რომ ასეთ შეხვედრაზე შესაძლო უარი, კიდევ უფრო მეტ კითხვებს გააჩენს საზოგადოებაში, რომელიც სებ-ის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის წარსულში განხორციელებული ქმედებების კანონთან შეუსაბამობებს ეხება.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის 13 მარტს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკის მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრებაში დაადანაშაულა. სებ-მა ორგანიზაციის საჯარო განცხადებას 13 მარტსვე უპასუხა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სებ-ის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მიმართ, საკითხთან დაკავშირებით შეხვედრის შესახებ, ოფიციალური მიმართვა უკვე გააგზავნეს.