ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სოციალურ აქციაში: „წიგნი - გისოსებს მიღმა“ ჩაერთო. კომიტეტმა ინიციატივის განხორციელება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიმართ, სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-8 საპყრობილიდან ერთ-ერთმა პატიმარმა საპყრობილის ბიბლიოთეკის განახლება ითხოვა. კომიტეტმა აღნიშნული პატიმრის განცხადების შინაარსიც ცნობილი გახადა, სადაც ნათქვამია, რომ „მოგმართავთ 53 წლის პატიმარი - ოდნავ უცნაური თხოვნით. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, ხოლო აქაური ბიბლიოთეკა საკმაოდ მწირია. ალბათ არ დაგამძიმებთ, რომ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ რამდენიმე წიგნი. მეც და ჩემი თანასაკნელებიც მადლიერები დაგრჩებით“. შესაბამისად, კომიტეტმა აქციაში მოწვევა, სხვადასხვა საჯარო უწყებებთან ერთად, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს გაიგზვანა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქციაში საკუთარ წვლილს შეიტანს და მსჯავრდებულებს იურიდიულ ლიტერატურას გადასცემს. ამასთან, ორგანიზაციის ოფისში: თბილისი, საბურთალო, ვაზისუბნის ქუჩა #7, ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 18:00 საათის შუალედში, აქციაში მონაწილე ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი წიგნი მოიტანოს და სამახსოვრო წარწერით დატოვოს. აქცია აღდგომის დღესასწაულამდე გაგრძელდება, შემდგომ კი ლიტერატურა მსჯავრდებულებს გადაეცემათ.
წიგნები შეგროვდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებში. აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომრებზე: +995 577 45 34 34 +995 599 95 09 15 +995 322 28 16 88 და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ნომერზე: +995 322 374509