აჭარის უმაღლეს საბჭოში მოვლენები ხელისუფლების მიტაცების მცდელობაა

18 მარტი, 2015

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადოკატები“ აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს არჩეულ დეპუტატებს კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს და მიუთითებს, რომ უკანასკნელ პერიოდში, უმაღლეს საბჭოში ვიცე-სპიკერის არჩევის საკითხთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, უმაღლესი საბჭოს ცალკეული დეპუტატების მხრიდან, ღიად ტოვებს აჭარის კონსტიტუციის მიმართ უპატივცემულობას ან/და სახეზეა კონსტიტუციის უცოდინრობით გამოწვეული კანონდარღვევა.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა კიკნაძის განცხადებით, აჭარის კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს“.  მოცემულ შემთხვევაში, თავმჯდომარის ან მის მოადგილეების არჩევას სჭირდება უმაღლესი საბჭოს 11 დეპუტატის ხმა. ამ თვალსაზრისით, 2015 წლის 13 მარტს,  აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად ჯემალ ფუტკარაძის 8 დეპუტატის მხარდაჭერით არჩევა, ანტიკონსტიტუციური ქმედებაა და ცდება პოლიტიკური დებატების ფორმატს.

,,ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 2015 წლის 13 მარტს განხორციელებული ქმედება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის დარღვევადაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს. საქართველოს კონსტიტუცია აჭარის კონსტიტუციაზე მაღლა დგას, რომლის თანახმადაც ,,არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება“. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თვითნებურად ჩაატარეს სხდომა, არასაკმარისი მხარდაჭერით ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩეულად გამოაცხადეს კონკრეტული კანდიდატი და საზოგადოებას, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით აცნობეს, რომ უმაღლეს საბჭოს ,,კანონიერად“ არჩეული ახალი მმართველი რგოლი ჰყავდა. შესაბამისად აღნიშნული ქმედება სამართლებრივ ანალიზს მოითხოვს და არსებობს ე.წ. ,,ორხელისუფლებიანობის“ საფრთხე.

,,ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საზოგადოებას და მოუწოდებს ობიექტური შეფასებები არსებობდეს აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების სამართლებრივ ანალიზზე. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, მომავალში, პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლამ უგულვებელყოს აჭარის კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც უმაღლესი საბჭოს საქმიანობის სამართლებრივ რეგლამენტაციას ეხება. ამ მიმართულებით ორგანიზაცია არ გამორიცხავს ცაკლეული დეპუტატების სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საკითხსაც.



კომენტარები