ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის განცხადებას ეხმაურება და გიორგი პაპუაშვილს მოუწოდებს, პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, ობიექტური და პირუთვნელი ინფორმაცია მიიღოს მასთან დაკავშირებული ცალკეული სამართლებრივი მოქმედებების მიმდინარეობის თაობაზე. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ 2015 წლის 16 მარტს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიმართ აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფაქტი, სასამართლოს პრეს-მდივანმა, მინიკო ბერიძემ აჭარის ტელევიზიასთან შეფასებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, განაცხადა, რომ „მათ მიერ აჭარის პროკურატურისგან გამოთხვილ დოკუმენტში არსად არ ფიგურირებს, რომ სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ თაღლითობის მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რაც მიზანმიმართულად ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა. მიგვაჩნია, რომ დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მარტივად შეეძლოთ ტელევიზიებს გადაემოწმებინათ, რათა მცდარი ინფორმაცია არ მიეწოდებინათ მაყურებლისთვის. სასამართლოს თავმჯდომარეს დღემდე არც პროკურატურიდან და არც რომელიმე სხვა უწყებიდან არ მოსვლია რაიმე დოკუმენტი მის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ მოხდა ფაქტების დამახინჯება, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ სრული პასუხისმგებლობით მიმართავს საზოგადოებას, წარუდგენს აჭარის საგამოძიებო ნაწილში სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიების დამადასტურებელ დოკუმენტებს და განმარტავს რამდენიმე გარემოებას - გიორგი პაპუაშვილის მიმართ აჭარის ა/რ საგამოძიებო ნაწილში, თაღლითობის მუხლით მიმდინარე გამოძიება დადასტურებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის 2015 წლის 11 თებერვლის #13/8093 წერილით. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2013 წლის 25 ივნისის საჩივარი. საქმე ეხება, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის სახლში გიორგი პაპუაშვილის გადასვლის შემდგომ, სასამათლოს თავმჯდომარის მიერ როლანდ ბლადაძის საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი უძრავი ქონების - ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტს, რაც დადასტურებულია წარმოდგენილი საქმეში არსებული მასალებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სპიკერი მინიკო ბერიძე თავად ახდენს ფაქტების არსებით დამახინჯებას და სახეზე გვაქვს სამართლებრივი პროცესის მიმართ არაკომპეტენტური დამოკიდებულება. სასამართლოს პრეს-სპიკერი, როდესაც ამბობს, რომ ,,აჭარის პროკურატურისგან გამოთხვილ დოკუმენტში არსად არ ფიგურირებს, რომ სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ თაღლითობის მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე“, შევეცდებით განვმარტოთ შემდეგი - საგამოძიებო ორგანოს მხრიდან პიროვნების მიმართ სისხლისამართლებრივი საქმის აღძვრა მას შემდგომ იწყება, როდესაც პირის მიმართ გამოდის ბრალდების დადგენილება. ამჟამად აჭარის ა/რ საგამოძიებო ნაწილში, ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შემდგომაც, პროცესუალურად უნდა დადგეს საქმეში მონაწილე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ვინაიდან ყველა დოკუმენტით მტკიცდება, რომ გიორგი პაპუაშვილმა როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხი მიისაკუთრა, კორპუსის ამხანაგობის ოქმები მომზადდა ზეწოლის ქვეშ, საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში წაიშალა ავტოფარეხის კანონიერი მესაკუთრის, როლანდ ბლადაძის უფლების დამადასტურებელი ჩანაწერი, ხოლო მოგვიანებით ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, გიორგი პაპუაშვილმა ბათუმის მერიისგან მიიღო შესაბამისის კომპენსაცია, გვაფიქრებინებს, რომ გამოძიება მივა დასკვანდე, ამ საქმეში გიორგი პაპუაშვილის ბრალეული ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით.
,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მოუწოდებს სრულად გაეცნოს სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიმართ არსებულ სამსართლებრივ კითხვებს, როლანდ ბლადაძის საქმესთან მიმართებით არსებულ დოკუმენტაციას და სასამართლოს თავმჯდომარის იმიჯის შენარჩუნების ნაცვლად, საზოგადოებას მიეწოდოს მხოლოდ სიმართლე, რადგანაც საქართველოს საკონტიტუციო სასამართლო ანგარიშვალდებულია დაიცვას კანონიერება და პასუხობდეს საზოგადოების მაღალ ინტერესს.